“ნიკა მელიას დაკავების დრო და ფორმა არ იყო საუკეთესო”, _ ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC ჰარდ-თოქშოუსთვის მიცემული ინტერვიუს დროს განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თბილისში ვიზიტი ადასტურებს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია.
სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში კვლავ რჩება დემოკრატიული, განვითარებული და სტაბილური ქვეყნა.
გადაცემის წამყვანის შეფასებით, მსგავსი ვითარება საქართველოს, ნებისმიერ ევროპულ პერსპექტივას აშორებს.
“მე არ მგონია, რომ საქართველო უნდა ჩამოიწეროს ამ ერთი მოვლენის გამო, რომელსაც თავისი მიზეზი ჰქონდა, კერძოდ კი პარლამენტის შენობაზე მიტანილი იერიში და პროვოკაციები, ალბათ, დრო და ფორმა, ოპოზიციის ლიდერის დაკავებისა არ იყო საუკეთესო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო უცბად ავტორიტარული ქვეყანა გახდა.
ფაქტი, რომ შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა, ნიშნავს, რომ კრიზისია, მაგრამ ეს ასევე ნიშნავს, რომ საქართველო არავის ჩამოუწერია და მეტიც, ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირს კვლავ აქვს საქართველოს იმედი და ეს ქვეყანა არის რეგიონში ყველაზე დემოკრატიული და სტაბილური“, _ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.