საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკული ორგანიზაციის Freedom house -ის ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც საუბარია საქართველოს დემოკრატიის ხარისხის განვითარების გაუარესებაზე. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ორგანიზაცია მიკერძოებულია და ის ხელისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული.
,,მიუხედავად იმისა, რომ ანგარიშის ავტორებს არსებითად უჭირთ შინაარსობრივად ხელისუფლების გაკრიტიკება, დასკვნებში აშკარად იკვეთება მათი მიკერძოება საქართველოს მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ.
ყველას კარგად მოგეხსენებათ, თუ რამდენად ფუნდამენტური წინსვლა განიცადა ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, თავისუფლების და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. 2012 წლამდე არსებული მოცემულობა იყო გაყალბებული არჩევნები, ნულოვანი ბალანსი ხელისუფლების ორგანოებს შორის, ადამიანების უფლებების უხეში დარღვევა, მათ შორის, ადამიანების წამების, გაუპატიურების, საკუთრების ხელყოფის სისტემური პრაქტიკა, სასამართლოს სრული დაქვემდებარება იუსტიციის სამინისტროზე , ხელისუფლების ტოტალური თვითნებობა. ეს პრობლემები საქართველოში 2012 წლიდან არსებითად გადაიჭრა“, _ განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე Freedom house- ის იმ დასკვნასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, საქართველოში მედიის თავისუფლების მაჩვენებელი გაუარესებულია. კობახიძემ ამ დასკვნას ღიმილის მომგვრელი უწოდა.
,,კვლევის თანახმად, 2012 წელთან შედარებით, საერთოდ არ შეცვლილა რეიტინგი მედიის თავისუფლების სფეროში, რაც, ბუნებრივია, ღიმილის მომგვრელია. 2012 წლის მოცემულობა იყო ხელისუფლების სრული მონოპოლია მედია გარემოზე, 2004-2012 წლებში ,,რუსთავი 2“-ზე, ,,იმედსა“ და ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ უკანონო გზით გავლენა მოიპოვა მიხეილ სააკაშვილმა და ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“. სამივე არხი ასრულებდა ხელისუფლების რუპორის ფუნქციას და უზრუნველყოფდა ტვინის გამორეცხვას ხელისუფლების სასარგებლოდ“, _ განაცხადა კობახიძემ.