ჩოხატაურს მძიმე დღეები უდგას _ რაიონი 13 წლის ლუკა ჩხიკვიშვილს გლოვობს!
ამ ფონზე, როგორც “გურია ნიუსისთვის” ხდება ცნობილი, მუქარის შემცველი ტექსტი არაერთ ფეისბუქმომხმარებელს გაეგზავნა, რომლებმაც იმ პოსტზე, სადაც მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცონტრალური ჰოსპიტალი იყო მონიშნული, კრიტიკის შემცველი კომენტარი დაწერა.
გთავაზობთ ერთ-ერთი მათგანის კომენტარს, თუმცა, როგორც ჩვენი რესპონდენტი, თამუნა კუტალაძე ამბობს, სამი შვილის დედა ვინ ან რამ უნდა შეაშინოს.
“იმის შემდეგ, რაც დავწერე იაშვილის კლინიკის (ბათუმის ფილიალი) ფეისბუქგვერდზე კომენტარი, მოჰყვა ის შედეგი, რომ სხვა ფეისბუქგვერდის მესენჯერიდან მემუქრებიან. როგორც გავარკვიე ეს მუქარის შემცვლელი ტექსტები მარტო ჩემთან არ გამოუგზავნიათ. მე მხოლოდ დავწერე ის, რომ მათ კლინიკაში გარდაიცვალა 13 წლის ბიჭი და ერთი სამძიმრის ტექსტი დაეწერათ. ამის შემდეგ წაშალეს კომენტარი და შემდეგ თავიდან დავუწერე ჩემი სათქმელი _ რატომ შლით კომენტარს? გეკითხებით სად არის თქვენი სამძიმარი? თუნდაც ერთი ვწუხვარ! _ რის შემდეგ დამბლოკეს. შემდეგ კი მოხდა ის, რომ, სავარაუდოდ, ახალშექმნილი ფეისბუქგვერდიდან მივიღე მუქარის შეცვლელი ტექსტები. რატომ?
არ მეშინია მე ამ ტექსტების. მთელი რეგიონი განიცდის და შეძრულია ამ ამბით. სიცოცხლით სავსე ბიჭი გავაცილეთ და აქეთ მოგვდის მუქარის შეცველი შეტყობინებები”, _ გვეუბნება ჩვენი თამუნა და დასძენს, რომ სამი შვილის დედა, ვინ ან რამ უნდა შეაშინოს.
გვითხრა და მუქარის შემცველი ე.წ. სქრინები მოგვაწოდა.
გუშინ ბიჭის დედამ სოციალურ ქსელში განცხადება _ “დამეხმარეთ, მკვლელები გვემუქრებიან… ჩემი შვილის მკვლელები” .
ინფორმაციისთვის, 13 წლის ლუკამ ფეხბურთის თამაშის დროს ხელი მოიტეხა და ოპერაცია მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში უნდა გაეკეთებინათ. ლუკა ოპერაციის დაწყებამდე, ანესთეზიის შეყვანისთანავე გარდაიცვალა. ბიჭს გული გაუჩერდა.
ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.


































































