გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში მასშტაბური საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში მთელი დღის განმავლობაში შემეცნებითი, გასართობი და სპორტული აქტივობებია დაგეგმილი.
გთავაზობთ სადღესასწაულო პროგრამას მუნიციპალიტეტების მიხედვით:
ოზურგეთი (ცენტრალური მოედანი, 11:00 – 20:00 სთ) ღონისძიებები განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყობა:
ტექნიკა და გამოფენები: თავდაცვის სამინისტრო წარმოადგენს სამხედრო ტექნიკასა და აღჭურვილობას. მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისა და პროფესიული კოლეჯების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
ინოვაციები და უნივერსიტეტები: 10-ზე მეტი წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტი და კოლეჯი გამართავს რობოტიკის, კიბერუსაფრთხოების, VR (ვირტუალური რეალობის) სათვალეების, კულინარიისა და არქეოლოგიის მასტერკლასებს. ბავშვებისთვის მოეწყობა „ციფრული კუბი“ ვიდეორგოლებით.
შემოქმედებითი ნაწილი: 12:00 საათიდან დაიწყება ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი, 17:10 საათზე შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი, რასაც გრანდიოზული გალა კონცერტი მოჰყვება.
ლანჩხუთი (ცენტრალური სკვერი, 11:30 საათიდან)
11:30 საათზე ნოე ჟორდანიას ბიუსტი ყვავილებით შეიმკობა.
12:00 საათიდან დაიწყება მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ღვინის კუთხე, სპორტული აქტივობები და სახეზე ხატვა.
16:00 საათზე მოეწყობა შემოქმედებითი კონკურსის „მთიების“ გამარჯვებულების დაჯილდოება, რის შემდეგაც სადღესასწაულო კონცერტი გაიმართება.
ჩოხატაური (სტადიონი და ხელოვნების სასახლე, 10:50 საათიდან)
10:50 საათზე ყვავილებით შეიმკობა ნოე რამიშვილის ბიუსტი.
11:15 საათიდან ბორის პაიჭაძის სტადიონზე ჩატარდება მხატვრული ტანვარჯიშის, რაგბისა და ფეხბურთის საჩვენებელი თამაშები, მკლავჭიდი და დოღი.
14:30 საათიდან ხელოვნების სასახლესთან მოეწყობა ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდების მსვლელობა, ჰიმნის შესრულება ანსამბლ „ამაღლების“ მიერ, ფლეშმობი და მეწარმეების გამოფენა. მოეწყობა „თავისუფლების კედელი“ სურვილებისთვის და ცაში დროშისფერი ბუშტები გაეშვება. 15:00 საათზე კი გაიმართება კონცერტი.

































































