გვსურს გამოვეხმაუროთ დღეს, გარკვეული მედიასაშუალებებით გავცელებულ ინფორმაციას, იმის თაობაზე, რომ უკრაინული “რადას” ჟურნალისტებისა და დეპუტატების დელეგაციის ჩარტერული რეისი ქართული მხარის უარის გამო გაუქმდა, _ აღნიშნულის შესახებ განცხადებას .
“გაცნობებთ, რომ ავიაკომპანია “SkyUp Airlines”-ის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოვიდა განაცხადი 30 ოქტომბერს კიევი-თბილისი-კიევის მიმართულებით კერძო ჩარტერული ფრენის განხორციელების მიზნით ნებართვის გაცემის თაობაზე. “SkyUp Airlines”-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, ჩარტერული რეისი მიზნად ისახავდა უკრაინის რადას დელეგაციის ჩამოყვანას, მათი დამკვირვებლების სახით არჩევნებზე დასწრების მიზნით.
თუმცა, 30 ოქტომბერს, 02:09 საათზე “SkyUp Airlines”-მა სააგენტოს კვლავ მომართა ფრენაზე ნებართვის მოთხოვნის ანულირების თაობაზე, რის მიზეზადაც დამკვეთი მხარის მიერ მოთხოვნილი ფრენის გაუქმება დაასახელა.
გთხოვთ იხილოთ ავიაკომპანიის მიერ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამოგზავნილი შეტყობინება. პერსონალური მონაცემი დაშტრიხულია”.
შეგახსენებთ, რომ „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინულ დელეგაციას, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უნდა დაკვირვებოდა, საქართველოში არ უშვებენ. „უკრაინული „რადას” ჟურნალისტებისა და დეპუტატების დელეგაციას, საქართველოსგან არჩევნებზე დაკვირვების ფორმალური თანხმობა ჰქონდა, თუმცა მათი ჩარტერული რეისი მოულოდნელად გაუქმდა. 50-კაციანი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხს გვიან ღამემდე აეროპორტში ელოდა და საბოლოოდ, უარი მიიღო“ – ასე გაავრცელა მედიამ აღნიშნული მოვლენა.
ცესკო-ს ინფორმაციით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46 981 და 5 საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 118 მედიაორგანიზაციის 5 971 წარმომადგენელი.