მიმდინარე წლის 20 ნოემბერს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.
როგორც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული, საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების ფაქტები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.