“ნაციონალური მოძრაობის” შემდეგ საპარლამენტო საქმიანობას ს „სტრატეგია აღმაშენებელიც“ წყვეტს – ამის შესახებ პარტიის წევრმა პაატა მანჯგალაძემ „ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.
მისი თქმით, პარტია ერთიანი ოპოზიციური ფრონტის შექმნას ემხრობა.
მანჯგალაძის თქმით, ისინი შეეცდებიან კოორდინაციას და საერთო სამოქმედო გეგმაზე მუშაობას, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ერთიანი სამოქმედო გეგმა არ იქნება, „იტოვებენ უფლებას, რომ რასაც საჭიროდ ჩათვლიან, ის გააკეთონ“.
„ჩვენ ვამბობთ, რომ საჭიროა ერთიანი სამოქმედო გეგმა, კოორდინაცია მაინც ოპოზიციურ პარტიებს შორის, რასაც ჯერ ვერ ვხედავთ, მაგრამ ახლა რა მოცემულობაც არის, გადავდგამთ ამ ნაბიჯს, რომ შევწყვეტთ საპარლამენტო საქმიანობას და შევეცდებით საერთო სამოქმედო გეგმა იყოს. თუ ასეთი გეგმა ვერ ვნახეთ, ვიტოვებთ უფლებას, რომ რასაც საჭიროდ ჩავთვლით, ის გავაკეთოთ,”- განაცხადა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებულ აქციებში მათ მონაწილეობას, როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება ყველგან, სადაც ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის, ქვეყნის ევროპული მომავლის და უკრაინის მხარდაჭერის საკითხი დადგება.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ მიიღო. პარტია სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან მანდატების დატოვებაზე საკითხზე კონსულტაციებს გეგმავს.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ პარტია საგანგებო რეჟიმზე გადადის და “ქართულ ოცნების თანამდებობის პირებს არ ექნებათ არანაირი მოსვენება”.