ერევანში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სომხეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის გაფორმებას, რეგიონულ კონტექსტში ეხმაურება პარტია ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია. მისი განცხადებით, მმართველი გუნდის ანტიდასავლური კურსის გამო, საქართველომ უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური ბერკეტები დაკარგა.
„ცოტა ხნის წინ, ჩვენ ვიყავით პირველი და ერთადერთი სახელმწიფო რეგიონში, რომელსაც ჰქონდა სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. დღეს კი ვართ ერთადერთი სახელმწიფო რეგიონში, რომელსაც არ აქვს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, რადგან ‘ქართული ოცნების’ ანტიქართული პოლიტიკის გამო, საქართველომ დაკარგა ეს უმნიშვნელოვანესი ბერკეტი“, — აცხადებს გეგელია.
„ლელოს“ წევრის თქმით, მეზობელ ქვეყნებში ვაშინგტონის მაღალი დონის ვიზიტებისა და მზარდი ეკონომიკური თუ თავდაცვითი მხარდაჭერის ფონზე, თბილისი პოლიტიკურ აუტსაიდერად იქცა:
„მაშინ, როდესაც ბოლო დროს ერევანს და ბაქოს ეწვია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ახლა კი ერევანს ეწვია სახელმწიფო მდივანი, საქართველო მოქცეულია სრულ საერთაშორისო იზოლაციაში. მაშინ, როდესაც სომხეთმა მოიპოვა 9-მილიარდიანი თავდაცვისუნარიანობის პაკეტი და ახალი მსხვილი ინვესტორების წყალობით ქმნის ათობით ათას ახალ სამუშაო ადგილს, პრორუსული რეჟიმი ანგრევს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პერსპექტივას და უარესად აღარიბებს ღარიბ ერს“.
გრიგოლ გეგელია ყურადღებას ამახვილებს რეგიონულ სატრანზიტო პროექტებზეც და აღნიშნავს, რომ ანაკლიის პორტის მიზანმიმართული შეფერხებით ქვეყანამ ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა.
„მაშინ, როდესაც სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწიეს ისტორიულ მშვიდობას და ტრამპის სახელობის მშვიდობის და კეთილდღეობის გზას ჩაუყარეს საფუძველი, საქართველო დადგა რისკის წინაშე, დაკარგოს ისტორიული როლი და რეგიონის ახალმა მთავარმა სატრანზიტო გზამ მას სრულად აუაროს გვერდი. ‘ქართული ოცნების’ რეჟიმმა წლების წინ მიზანმიმართულად ჩაძირა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, რითაც აზარალა შუა დერეფნის პერსპექტივა და ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური შანსები“.
ოპოზიციონერი ლიდერი მმართველი პარტიის მხრიდან ანაკლიის პროექტის ირგვლივ არსებულ დღევანდელ რიტორიკას სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ რეალური მიზანი პროექტის დაბლოკვაა.
„ახლაც, რეჟიმი ატყუებს ქართულ საზოგადოებას და ჩვენს პარტნიორებს, როდესაც ამბობს, რომ მისი მიზანია ანაკლიის აშენება. პორტში, სადაც 6 წლის წინ პირველი გემები უნდა შესულიყო, არ ხდება არაფერი, რადგან პუტინით შეშინებული ივანიშვილის მიზანია, საქართველოში არ მოხდეს არაფერი დიდი, მნიშვნელოვანი, პატრიოტული და ქართული!“ — აღნიშნავს ის.
გეგელიას განმარტებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სურვილია, რომ აღნიშნულ პროექტებში რეგიონის სამივე სახელმწიფო მონაწილეობდეს, რის გამოც „ლელო“ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით კონკრეტულ მოთხოვნებს აყენებს:
„ამერიკას სურს, რომ ტრამპის სახელობის გზაში მონაწილეობდეს არა ორი, არამედ რეგიონის სამივე სახელმწიფო. ეს არის სწორედ ის, რასაც ამბობს ‘ლელო’ მთელი ამ დროის განმავლობაში:
ანაკლია უნდა გამოცხადდეს ეროვნული მნიშვნელობის სტრატეგიულ ობიექტად;
ანაკლია უნდა გახდეს ტრამპის სახელობის მშვიდობისა და კეთილდღეობის გზის ნაწილი;
ის უნდა აშენდეს გამჭვირვალე კონტრაქტის საფუძველზე, ამერიკული და ევროპული კაპიტალის კრიტიკული ჩართულობით“, — აცხადებს გრიგოლ გეგელია.



































































