“საქართველოს მთავრობას ვაფრთხილებდით. გაგრძელება იქნება!” – ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებას უკრაინის რადას მმართველი ფრაქციის, “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ინფორმაციისთვის: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს, მათ შორის საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს.
აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.
„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.
ფარცხალაძეს სანქციები დაუწესეს უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში.