სტატიატიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 42 319 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 21 897 ბიჭი და 20 422 გოგოა.
აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია 7.9 პროცენტით. გასულ წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა – 14 202 ბავშვი დაფიქსირდა თბილისში, ხოლო ყველაზე მცირე – 246 ბავშვი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.
საქსტატის ცნობით, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი გაიზარდა 37.4 პროცენტიდან 39.1 პროცენტამდე, მეორე შვილის წილი შემცირდა 35.6 პროცენტიდან 33.5 პროცენტამდე, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი თითქმის უცვლელი დარჩა და შეადგინა 26.6 პროცენტი.
ამასთან, უწყების კვლევის მიხედვით, 2022 წელს ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 27.2 პროცენტიდან 26.5 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69.2 პროცენტიდან 69.6 პროცენტამდე გაიზარდა. ზრდა შეინიშნება 40 წლისა და უფროსი ასაკის დედებშიც, მათი წილი 3.6 პროცენტიდან 4.0 პროცენტამდე გაიზარდა. 2022 წელს დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.4 წლით განისაზღვრა.
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.0 პროცენტით შემცირდა და 49 118 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი, 14 124 შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, ხოლო ყველაზე ნაკლები – 715 რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.
2022 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 7.6 პრომილე შეადგინა. 2022 წელს 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 9.2 პროცენტი შეადგინა.
გასულ წელს საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -6 799 ერთეულით განისაზღვრა.
ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.
2022 წელს რეგისტრირებულია 26 048 ქორწინება, რაც 12.5 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29.4 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის – 31.9 წელს.
ამასთან, 2022 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 14 098 ერთეული შეადგინა, რაც 32.3 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
წყარო: 1ტვ