Reuters-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, არის ნიშნები, რომ სირია ქიმიურ იარაღს იყენებს, ერთ-ერთი თავდასხმა კი სავარაუდოდ ქლორის გამოყენებით კვირას მოხდა.
გავრცელებული ცნობით, ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები ბრალდების დადასტურების შემთხვევაში სწრაფად და სათანადოდ უპასუხებენ.
როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის თავდასხმები სირიის თემებზე უნდა დასრულდეს.
როგორც ცნობილია, ტრამპის ადმინისტრაციამ ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის სირია 2-ჯერ დაბომბა, 2017 წლის აპრილსა და 2018 წლის აპრილში.
სექტემბერში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ არსებობს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, სირიის სამთავრობო ძალები ქიმიურ იარაღს იდლიბში ამზადებენ.
გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთსა და ასადის ძალებს დეზინფორმაციის კამპანიის გაგრძელებაში ადანაშაულებს.
ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებასთან დაკავშირებით სირიის მთავრობას კომენტარი დაუყონებლივ არ გაუკეთებია.