გარდა იმისა, რომ ლანჩხუთში ნორმალური ავტოსადგური არ არსებობს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ადამიანებს დარსა თუ ავდარში ღია ცის ქვეშ უწევთ დგომა, მგზავრები უკმაყოფილოები არიან იმითაც, რომ 16 საათის შემდეგ შიდა ტრანსპორტი აღარ მოძრაობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გრაფიკიდან გამომდინარე, დასაქმებულ ადამიანებს დილითაც ექმნებათ პრობლემები და დაგვიანებით უწევთ სამსახურში გამოცხადება.
„სუფსა-ურეკის ბოლო რეისი 17:30 გადის, ჯაპანა- ეწერი კი დილით ათის ნახევარზე ჩამოდის ქალაქში, ბოლო რეისს 16:30-ზე აკეთებს. არადა, სამუშაო საათი ცხრა საათისთვის იწყება და ექვს საათზე მთავრდება. მოკლედ ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი სრულიად აცდენილია მოქალაქეთა საჭიროებას. დილით ხომ ვაგვიანებთ დანიშნულების ადგილამდე მისვლას და დღის ოთხი საათის შემდეგ ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება სოფლების მიმართულებით გადაადგილება,“- ამბობენ ის ადამიანები ვინც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს.
ის, რომ ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკთან დაკავშირებით პრობლემებია თანხმდებიან ადგილობრივ ხელისუფლებაშიც.
საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთმა მოადგილემ ვერიკო კვირკველიამ აღნიშნული საკითხი პირადად გააჟღერა ბოლო სხდომაზე და მუნიციპალიტეტის მერს ამ საკითხით დაინტერესება და ქმედითი ღონისძიებების გატარება თხოვა.
„მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის გრაფიკთან დაკავშირებით არის პრობლემები. ის, ვინც დასაქმებულია ამ გრაფიკის გამო შეფერხებები ექმნება. ჩვენ გვქონდა ამ საკითხზე მსჯელობა, მოწვეული გვყავდა მძღოლები და გარკვეულ ეტაპზე მოწესრიგდა კიდეც ეს საკითხი, თუმცა ამ ეტაპზე ისევ პრობლემური რჩება. ადამიანები ცხრა საათზე უნდა გამოცხადნენ სამსახურში, ტრანსპორტი კი ათის ნახევრისთვისაა ქალაქში. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს, რომ ადამიანებმა დროულად შეძლონ დანიშნულების ადგილამდე მისვლა,“– თქვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ.