ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების შესახებ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გასული არასწორი ინფორმაციიდან გამომდინარე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კომისიაში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფების გადახედვის პროცესი ამ ეტაპზე საერთოდ არ მიმდინარეობს – სამომხმარებლო ტარიფები დადგენილია 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფების არაგეგმურად გადახედვის მოთხოვნით ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების მიერ სატარიფო განაცხადები კომისიაში წარმოდგენილი არ არის.
რაც შეეხება ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფებს, დღეისათვის კომისიაში მიმდინარეობს ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების დადგენის გეგმური პროცესი, რაც განპირობებულია იმით, რომ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიებისათვის დღეს მოქმედი ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფები დადგენილია 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ტარიფების დადგენა ხდება სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც კომპანია ვალდებულია კომისიას წარუდგინოს სატარიფო განაცხადი მომდევნო პერიოდის სატარიფო განაკვეთების დადგენის მიზნით. სატარიფო განაცხადი არ შეიცავს ტარიფის ზრდის ან შემცირების მოთხოვნას და მოიცავს მხოლოდ კომპანიის გასული წლის ფაქტობრივ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს. (R)