“ირაკლი სესიაშვილის ინიციატივა დისკრიმინაციულია და იდეა საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის”, _ ასე ეხმაურება ჯაფარიძე სესიაშვილს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, არამართლმადიდებელ მღვდელმსახურებს ჯარში წასვლა მოუწევთ.
“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამის მიღება გაუჭირდეთ… ირაკლი სესიაშვილი პაიკია. საპატრიარქოს ყელში აქვს გაჩხერილი ბიბლიური თავისუფლება კონკრეტულად იმის გამო, რომ ეს კონფესია ქადაგებს თავისუფლებას, ათასობით ადამიანს დაანახა, რა არის თავისუფლების ფასი”, — აცხადებს ჯაფარიძე On.ge-სთან.
ჯაფარიძის თქმით, სესიაშვილის მიერ გაჟღერებული ინიციატივის კანონად ქცევის შემთხვევაში, მას საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, არამართლმადიდებელი მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით ვეღარ ისარგებლებენ. სესიაშვილი განმარტავს, რომ ინიციატივა არ გავრცელდება მართლმადიდებელ სასულიერო პირებზე, რადგან მათზე კონკორდატით გათვალისწინებული წესი მოქმედებს.