„ნიკა მელიას გადაწყვეტილებებს ამ შემთხვევაში საერთოდ არ აქვს არანაირი როლი ამ შეთანხმებაში. „ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკა მელია ამ შეთანხმების ნაწილი არ არის, ისინი არ არიან მისი ხელმომწერები და შესაბამისად, მისი შესრულების ვალდებულება აქვს იმ მხარეებს, ვინც ხელს აწერს“, _ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ნიკა მელიას გირაოთი და ამნისტიით გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
პაპუაშვილის თქმით, გირაოს შეთავაზება არის გზა იმისთვის, რომ მელიამ სწრაფად დატოვოს საპატიმრო, თუმცა, ამით არ იხსნება მეორე საკითხი, კერძოდ, მის მიმართ 20 ივნისთან დაკავშირებით აღძრული ძირითადი სისხლის სამართლის საქმე, „რისთვისაც არის ამნისტია“. ამის გარდა, პაპუაშვილის თქმით, 20 ივნისის საქმეზე, მელიას გარდა არიან სხვა ბრალდებულებიც, სწორედ ამიტომ არის საჭირო ამნისტიის აქტის მიღება.
„ნიკა მელიას გადაწყვეტილებებს ამ შემთხვევაში საერთოდ არ აქვს არანაირი როლი ამ შეთანხმებაში. „ნაციონალური მოძრაობა“ და ნიკა მელია ამ შეთანხმების ნაწილი არ არის, ისინი არ არიან მისი ხელმომწერები და შესაბამისად, მისი შესრულების ვალდებულება აქვს იმ მხარეებს, ვინც ხელს აწერს. ნიკა მელია რას გადაწყვეტს, როდის გადაწყვეტს, მიიღებს გირაოს, აღიარებს თუ არა ამნისტიას, ამ ყველაფერს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ისინი ამ შეთანხმების მონაწილენი არ არიან. რაც შეეხება შეთანხმების მონაწილეებს, ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება, მათ შორის, ევროკავშირს, რომ გირაო უზრუნველყოს და ჩვენ ხელმომწერებს გვაქვს ვალდებულება, რომ ერთად დავაინიციროთ ამნისტია და მივიღოთ ერთად, ეს ვალდებულებები რჩება იმის მიუხედავად მელია ევროკავშირის გირაოს დათანხმდება თუ არა“, _ განაცხადა პაპუაშვილმა.