ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილის 6 საათისთვის განახლდა.
ამ დროისათვის 3 ჰექტარ ტერიტორიაზე 4 ხანძრის კერაა. მიუვალობის გამო სამაშველო ტექნიკა ხანძრის კერამდე ვერ მიდის. ადგილზე მობილიზებულია ხულოს, შუახევისა და ქედის სახანძრო სამშაველო ბრიგადებისა და სატყეო სამსახურების 200-მდე თანამშრომელი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივებიც არიან ჩართულები.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის განცხადებით, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვება ვერტმფრენი, რომლის დახმარებით მოხდება ხანძრის კერების შესწავლა და საჭირო სალიკვიდაციო სამუშაოების გასაგრძელებლად რეკომენდაციების გაწევა, ასევე სამაშველო ბრიგადებისთვის დამხმარე ხელსაწყოებისა და ინვენტარების მიწოდებაც.
,,მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. 200-მდე ადამიანი უკვე გასულია უშუალოდ ლოკაციების ადგილებთან. აქ მობილიზებულია სამაშველო სამსახურები, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფი, ასევე გარემოს დაცვის სამსახურები. მოსახლეობა, მთავრობა, ყველანი აქ ვართ. ძალიან მალე მოხერხდება ვერტმფრენის ამოფრენა. მოხდება საჰაერო დათვალიერება. ვფიქრობ, ჩვენი ძალებით მოვახერხებთ ცეცხლის ჩაქრობას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია დღეს ამ სამუშაოებში”, _ განაცხადა ზურაბ პატარაძემ.