ბატონი ბორის წიფურია ერთი პერიოდი თბილისის ცირკის დირექტორად მუშაობდა. ერთ სეზონზე რუსული ცირკი ჩამოვიდა საგასტროლოდ თავისი მაიმუნებით, ჟირაფებით, სპილოებით და აქლემ-კოზაკებით, ვეფხვებით და ლომებით. ზაფხული იდგა და ლომ-ვეფხვებს ცირკის უკან მიუჩინეს ბინა, გალიაში ღია ცის ქვეშ.
ბორისმა ერთი თანამშრომელი დაიბარა თავისთან ოპერატიულად, წადი ახლა შენ და სასწრაფოდ, დაღამებამდე სამი მაგარი ძაღლი იშოვე და მოიყვანეო, მისცა დავალება.
სად არ იბოდიალა იმ საწყალმა თანამშრომელმა, მაგრამ კარგ და ჯიშიან ძაღლს რომელი ჭკუათმყოფელი მისცემდა? არადა, ცარიელი რომ მისულიყო, ბორია მოკლავდა და როგორც იქნა, მოიფიქრა: მოძებნა რის ვაი-ვაგლახით სამი გაქუცული, მაწანწალა ძაღლი და მიჰგვარა ბორიას. ბორიამ „ჩაუთვალა” დავალების შესრულება.
– კი მაგრამ, ბატონო ბორია, – ეკითხება ის კაცი, – რად გინდათ ის ძაღლები?
– სულ დღე ხომ არ იქნება, საცაა დაღამდება.
– მერე? – კიდევ უფრო გაკვირვებულმა შეხედა.
– მერე, დავაბამ ლომებთან და ვეფხვებთან ახლოს ამ ძაღლებს, აბა ლომები რომ მოგვპაროს ვინმემ, ვინ გვაპატიებსო.
ავტორი