დღეს 9 აპრილია. 1989 წლის ამ დღეს ტრაგიკულად დაიღუპა ოზურგეთელი ნინო თოიძე. ის თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა.
სოციალურ ქსელში ნინო თოიძის დისშვილი ირმა სალუქვაძე წერს:
“32 წელი გავიდა იმ საშინელი დღიდან, როცა რუსის ჯარისკაცმა მეგობრის დასახმარებლად დახრილს ფუძე გადაგიმტვრია და სიცოცხლე მოგისწრაფა, შენ ჩემი სიამაყე ხარ, ნინო, შენნაირმა ადამიანებმა მოიტანა საქართველო დღემდე და მე ძალიან ვამაყობ შენით…მიყვარხარ და მენატრები.“
ნინო თოიძემ დაამთავრა ლიხაურის საშუალო სკოლა. იყო ჩაის სუბტროპიკულ კულტურათა საკავშირო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანების თანამშრომელი. მცირე ხნით რუსეთში სწავლობდა ინჟინერიის ფაკულტეტზე, რის შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში.
1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. არსებული ინფორმაციით, იგი თითქმის ტოვებდა რუსთაველის გამზირს, დროსაც დაინახა, რომ მისი მეგობარი აზა ადამია რუსმა სამხედროებმა წააქციეს და ნიჩაბს ურტყამდნენ, მის დასახმარებლად გაიქცა და მასაც ჩაარტყეს თავში ნიჩაბი. დაკრძალეს 15 აპრილს სოფელ ლიხაურში.
2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა.