შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ყოველ წელს გარკვეულ თემაზე კონცენტრირდება. 2020 წლის თემაა: „საერთაშორისო სოლიდარობა, გაზიარებული პასუხისმგებლობა“.
1988 წლიდან მოყოლებული მსოფლიო ყოველწლიურად 1 დეკემბერს აღინიშნავს შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, როდესაც ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდება აივ/შიდსის პრობლემებზე საზოგადოების ყურადღების მისაქცევად. ადამიანები მთელს მსოფლიოში ერთიანდებიან, რათა გლობალური სოლიდარობა და თანადგომა გამოხატონ აივ/შიდსით მცხოვრები ადამიანების მიმართ.
საქართველო უკვე 29-ე წელია ტრადიციულად უერთდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღნიშვნაში. Covid-19 პანდემიამ, ისევე, როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც გამოავლინა ჩვენს საზოგადოებაში არსებული მრავალი პრობლემა. მნიშვნელოვანია Covid-19 პანდემიით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ყველაზე მტკივნეულად აისხა საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებზე, მათ შორის აივ/შიდსით მცხოვრებ ადამიანებზე.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დღეს, აივ/შიდსის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საფრთხის, დასრულება მრავლმხრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დაამარცხებს მსოფლიო Covid-19 პანდემიას.
“ასე რომ, უნდა გავხდეთ ამ ორი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის თანამონაწილე. შემოგვიერთდით და დავასრულოთ Covid-19 და შიდსის ეპიდემია საქართველოში.
ეპიდემიის დასრულებისთვის მნიშვნელოვანია იცოდე შენი აივ სტატუსი და თუ ხარ აივ ინფიცირებული, დროულად დაიწყო მკურნალობა. დროულად დაწყებული მკურნალობა კი სრულფასოვანი ცხოვრების საწინდარია.
შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე კვლავ აქტუალურია და კვლავ შეახსენებს საზოგადოებას და მთავრობებს აივ/შიდსის პრობლემის შესახებ, რომელიც ისევ მწვავედ დგას და ტვირთად აწევს ადამიანებს, საზოგადოებას და ქვეყნებს. ჯერ ისევ კრიტიკულად მნიშვენელოვანია დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზაციის საკითხი აივ/შიდსთან ბრძოლის საქმეში, რათა მოხდეს: ცნობიერების ამაღლება აივ/შიდსის შესახებ; სტიგმის და დისკრიმინაციის აღმოფხვრა და აივ ინფიცირებული ადამიანების სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება.
2020 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8598 აივ ინფიცირებული პირი, 6422 – მამაკაცი, 2176 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4441 პაციენტს განუვითარდა, 1781 გარდაიცვალა.
30 ნოემბრის მონაცემებით, არვ მკურნალობას იტარებს 5379 პაციენტი, მათ შორის 46 ბავშვია.
რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 36.3 % – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 49.2 % – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 12.2 % – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % – სისხლის რეციპიენტია; 0.6 % – გადაცემის გზა დაუდგენელია;
აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია: თბილისში (3216 შემთხვევა); სამეგრელოში 1172; იმერეთში 1026; აჭარაში 980; აფხაზეთში (530); კახეთში (431); ქვემო ქართლში (489); შიდა ქართლში (319); გურიაში (183); სამცხე-ჯავახეთში (113) და ა.შ.
უკანასკნელი წლების დინამიკა მიუთითებს, რომ ქვეყანაში აივ/შიდსის შემთხვევების გამოვლენის მაჩვენებელმა მიაღწია სტაბილურ ნიშნულს და ეს მაჩვენებელი შენარჩუნდა ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა, მიმდინარე წელს Covid -19 პანდემიის შედეგად შემცირდა რა აივ ტესტირების მსურველთა რაოდენობა, ამ ფაქტმა, შესაბამისად, გამოიწვია გამოვლენის მაჩვენებლის შემცირებაც”.