ჩოხატაურში, გოგიბერიძის ქუჩა #66 სახლში მცხოვრები გულნაზ კიკვაძის მდგომაეობა, როგორც თავად გვიამბო, უკიდურესად მძიმეა და ის დროულ დახმარებას ითხოვს.
_ რვა თვის წინ, ჩემს ისედაც ძველ სახლს, სტიქიამ სახურავი გადააძრო. მას შემდეგ ყოველ გაწვიმებისას, სახლში, როგორც გარეთ, ისე წვიმს. დახმარებას შემპირდნენ ჩოხატაურის მერიაში, მაგრამ ჯერ ისევ მოლოდინში ვარ. ა, ბატონო, ნახეთ, _ გვეუბნება ის და ოთახში სხვადასხვა ადგილზე დადგმულ „ტაშტებზე“ მიგვითითებს, რომლებიც წვიმის წყალითაა სავსე.
ქალბატონი გულნაზი 74 წლისაა და გარდა მოხუცებულობისა, უამრავი დაავადება აწუხებს.
_ ჩიყვი, სახსრები, კუჭი… რა აღარ მაწუხებს? სოციალური შემწეობის დასახმარებლად განცხადება დავწერე. ფორმა ასი მომთხოვეს. რომ მივიტანე, მითხრეს, აქ ისეთი არაფერი წერია, დახმარება რომ გჭირდებოდესო. ონკოლოგიური ავადმყოფი უნდა იყოო. მე ვუთხარი, ოღონდ კიბო ნუ დამემართება და წავალ, ფულს ვისესხებ და მოგიტან, გაჩუქებ-თქო, _ გვიამბობს გულნაზ კიკვაძე.
„გურია ნიუსი“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, მაია კუტუბძეს ესაუბრა.
_ ამ ქალბატონს განცხადება აქვს დაწერილი და აუცილებლად მოუწევს დახმარება რიგის მიხედვით. უცებ ეს არ ხდება. აქვს თავისი პროცედურები. მიიღებს აუცილებლად, _ გვითხრა მან.
ვრცლად გულნაზ კიკვაძის შესახებ მალე გიამბობთ.
ავტორი