შოვში სტიქიურმა უბედურებამ 2023 წლის 3 აგვისტოს 32 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა _ ადამიანების დაღუპვის მიზეზი გლაციარული ღვარცოფი გახდა.
ტრაგედიიდან ორი წლის თავზე, საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ “შვეიცარულ კომპანიასთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიკვლევთ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი მოგვცემს შესაბამისი რისკების პრევენციის საშუალებას”.
მისი თქმით, მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი ტრაგედიები არ მოხდეს:
“ყველას ძალიან მძაფრად გვახსენდება ის უმძიმესი ტრაგედია, რომელიც დაგვატყდა თავს და რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია, რომ გავიხსენოთ დაღუპულები. ასევე, ჩვენი ვალია, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მომავალში არ მოხდეს ასეთი ტრაგედიები. მანამდე არ არსებობდა ასეთი პრეცენდენტი, რაც დაკავშირებული იყო მყინვარულ ღვარცოფთან და ასეთი კვლევა არ იყო ჩატარებული. ჩვენ დავიწყეთ კვლევების ჩატარება, შვეიცარულ კომპანიასთან ერთად. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვიკვლევთ მყინვარებს, ეროზიულ პროცესებს და ეს ყველაფერი მოგვცემს შესაბამისი რისკების პრევენციის საშუალებას”, _ განაცხადა პრემიერმა.
სტიქიური მოვლენები კლიმატის ცვლილებასთან ერთად არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
არის თუ არა სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები საკმარისი _ საკითხის შესახებ cenn- ის დირექტორის მოადგილეს, რეზო გეთიაშვილს ვესაუბრეთ:
“გარკვეულ პროგრესზე შეიძლება ვილაპარაკოთ ზოგიერთი მიმართულებით, მაგრამ ეს არასაკმარისია. მაგალითად, მყინვარების დნობის მონიტორინგის კუთხით, შოვის ტრაგედიამდეც უკვე მიმდინარეობდა საერთაშორისო პროექტი კლიმატის მწვანე ფონდის დაფინანსებით, რომელსაც გაერო ახორციელებდა.
მათ უკვე დასავლეთ საქართველოში დიდი რაოდენობით ფინანსები ჰქონდათ მობილიზებული და დიდი გეგმები ჰქონდათ.
საერთაშორისო დონორებმა გამოთქვეს სურვილი, მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რომ დახმარება გაეწიათ და სამწუხაროდ, აღარ დასცალდათ. გარკვეული ნაბიჯები სახელმწიფომაც გადადგა ამ კუთხით.
შოვის ტრაგედია რომ იყოს ერთცვლადიანი განტოლება და მხოლოდ მყინვარების დნობა, მაშინ გარკვეულ პროგრესს ვიტყოდით, მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი სხვა მიმართულება არის და ამ მხრივ არაფერი არ შეცვლილა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ინტერესთა კონფლიქტებს.
შოვი არის მრავალგანზომილებიანი. მაგალითად, მდინარეზე გაქვს საზომი სადგური დასამონტაჟებელი, არსებობს დონორი, რომელიც გიყიდის, ჩამოგიტანს და დაამონტაჟებს, ამას წინ არაფერი არ უდგას და გააკეთებს სახელმწიფო.
ჩვენ ვიცით, არსებობდა შოვის განვითარების გეგმა, სადაც 15-18 მეტრის შენობები უნდა აშენებულიყო იმ ტერიტორიაზე, სადაც ღვარცოფმა ჩაიარა.
რამდენიმე წლის შემდეგ რომ მომხდარიყო ეს კატასტროფა, კიდევ უფრო დიდი ტრაგედია გვექნებოდა”, _ ამბობს რეზო გეთიაშვილი.
მისი თქმით, შოვის ერთ-ერთი პრობლემა იყო არასწორი განაშენიანება და ეს გამოწვევა მხოლოდ შოვისთვის არ არის:
_ მყინვარების დნობა არის ერთი _ ისტორიულად შოვი ღვარცოფმა ადრეც დააზიანა და არანაკლებ, კადრებიც კი არსებობს ამის, რამხელა სტიქიამ ჩაიარა შოვში.
არასწორი განაშენიანება იყო და ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ანალიზები, რამდენად სწორად ხდება საქართველოში მიწათსარგებლობა, განაშენიანება და თუნდაც როგორი იქნება შოვის მომავალი.
ვნახეთ, რომ იქ ასობით ტერიტორია არის მიტაცებული საკუთრებაში; ასევე, შოვი არ არის ერთადერთი გამონაკლისი, როცა ერთგან გაქვს განაშენიანება და გეგმა არ ითვალისწინებს სტიქიით გამოწვეულ პრობლემებს. გამოდის, რომ იგივე პრობლემა შეიძლება სხვა ადგილასაც იყოს.
ასეთ სიტუაციაში სხვა ქვეყნებში ხდება გეგმების განხილვა. ჩვენთან არათუ დამტკიცებული გეგმა არ განუხილავთ, ჯერ კიდევ არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც კიდევ შეიძლება შოვში რამდენიმესართულიანი შენობების აშენება.
ჩვენ ჩართულები ვიყავით პროცესში და ბუნებრივი კატასტროფების შეფასების კუთხით მდგომარეობა არანაირად არ გაუმჯობესებულა.
თუნდაც, ზამთრის მთის კურორტები ავიღოთ, ასევე, მშენებლობები, რომლებიც დედაქალაქში მიმდინარეობს _ ამ მშენებლობების დროს არ ხდება რისკების შეფასება _ ერთ შემთხვევაში, შეიძლება იყოს ყინულის დნობისგან გამოწვეული რისკი, მეორე შემთხვევაში _ მდინარის ადიდებისგან, მესამე _ ეროზია და ა. შ.
კანონის აღსრულებაში არაფერი არ შეცვლილა _ პირიქით, შესუსტდა კონტროლი. მოხდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების მისიის გადახედვა. ეს გვაჩვენა შოვმაც. როცა ასეთი მოვლენები ხდება განვითარებულ ქვეყნებში, იქმნება სამთავრობო კომისია.
ამ სტიქიების მართვის ჯაჭვიდან ძალიან ბევრმა რამემ არ იმუშავა. მათ შორის, არ იყო რეაგირება, არ იყო წინასწარი შეტყობინება _ თუმცა, ახლა ამ კუთხით რაღაც პროგრესი გვაქვს.
იყო პრობლემა ცნობიერების კუთხით და ადამიანებმა არ იცოდნენ, ასეთ სიტუაციაში როგორ მოქცეულიყვნენ.
ბევრ შესაბამის უწყებას უნდა განეხილა, რამ იმუშავა, რამ არ იმუშავა, მოეწვიათ სამეცნიერო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რაც არ გაკეთებულა. პასუხისმგებლიანი მიდგომა არ არსებობს, დასკვნები არ გამოტანილა, ანალიზი არ გაკეთებულა, არ ვიცით, სად რა მუშაობდა, რა არ მუშაობდა, ამიტომ ამის გაუმჯობესების თეორიული შანსიც არ არსებობს.
მხოლოდ ერთ კომპონენტზე ხდება ყურადღების გამახვილება _ მყინვარებზე მდგომარეობას აკვირდებიან და შეტყობინების სისტემის გამართვა მიმდინარეობს, ესეც საერთაშორისო მხარდაჭერით.
როცა ტყეს ვითვისებთ, შემდეგ რა ბედი ეწევა ამ ტყეებს, კარგად ვხედავთ. თბილისის გარშემო იჩეხება ტყეები და იქ უსისტემოდ შენდება აგარაკები, კორპუსები და რა მოხდება იქ, ამაზე საერთოდ არავინ არ ფიქრობს.
ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მძიმე შედეგებისთვის, რისგანაც ძალიან შორს ვართ. საკითხები გააზრებულიც კი არ გვაქვს და ისიც არ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ.
_ ბატონო რეზო, გეოლოგიური ბიულეტენები რომ გამოიცემა, არ არის საკმარისი პრევენციისთვის?
_ გეოლოგიური ბიულეტენი არის ძალიან კარგი და საჭირო, მაგრამ არავისთვის არაა სავალდებულო, რომ მოხდეს რეაგირება. მაგალითად, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განსაზღვრა, რომ იქ, სადაც მთა შეიძლება ჩამოიშალოს, ცხოვრობს 5 ოჯახი, რომლებიც შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ და უნდა გაასახლონ _ ეს ბიულეტენი არც მერიას, არც სამინისტროს და არავის არ ავალდებულებს, რომ აღსრულება მოხდეს, ან თუ აღსრულება არ მოხდა, მონიტორინგი მაინც მოხდეს. ამიტომ, აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილება და გახორციელდეს აღსრულება, თუმცა, ამ დროს იწყება ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც ეჯახება ბიზნესს, ფულს, გავლენებს… სახელმწიფოს კი, სამწუხაროდ უმეტესად არ აინტერესებს, რომ ეს საკითხები გადაიჭრას.
ორგანიზაცია “საქართველოს მწვანეები _ დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარე, ნინო ჩხობაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ,
“ჯერჯერობით, მკაფიო გეგმა, როგორ უნდა გავუმკლავდეთ საერთოდ სტიქიას, საქართველოში არ არსებობს, თუმცა, ზონები, სადაც არის რისკები და სად არის ყველაზე მეტად სახიფათო სიტუაცია, მონიშნულია. ამაზე მეტყველებს 2024 წლის გეოლოგიური ბიულეტენი, სადაც მეწყრულ- გრავიტაციული წერტილები კარგად არის აღწერილი”:
_ დღესაც მუშაობს მონიტორინგის სისტემა იმ ნაწილში, რასაც ჰქვია ვიზუალური დაკვირვება, მაგრამ ადგილებზე ეს დაკვირვებები და პირველადი შეტყობინების სისტემები გაგვაჩნია მხოლოდ დევდორაკზე. დევდორაკში დაყენებულმა სასიგნალო სისტემამ იმუშავა ძალიან კარგად _ მოხდა გაფრთხილება და სანამ მეწყერი ჩამოიტანდა ყველაფერს,ხალხი ტერიტორიიდან გაიყვანეს.
ეს მეტყველებს იმაზე, რომ წინასწარი გაფრთხილების სისტემები დამონტაჟებული უნდა იყოს ყველგან, სადაც მოსალოდნელია ქანების უცაბედი ჩამოშლა. სამწუხაროდ, ეს სისტემა მხოლოდ ერთ ადგილზეა დაყენებული და არა ყველა სახიფათო ადგილზე.
_ ქალბატონო ნინო, რამდენად ეფექტურად ხდება გეოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულება?
_ არ ხდება. მუნიციპალიტეტები იშვიათად აქცევენ ყურადღებას ამ რეკომენდაციებს, არ ჰყავთ შესაბამისი კადრები, რომლებმაც უნდა გაახორციელონ მონიტორინგი უკვე არსებულ წერტილებზე.
ახლა ვიხილავთ ერთ-ერთი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას, სადაც გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან მიმართებაში ნახსენებია, რომ იქ არის ღვარცოფული მდინარე და რისკი უნდა იყოს გათვალისწინებული თავიდან ბოლომდე. როცა ნებართვა გაიცემა, რისკები მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი.
_ ჰესების მშენებლობის საკითხი გურიაშიც აქტიურია. თქვენი შეფასებით, რა რისკების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს რეგიონი?
_ გურიის მდგომარეობა კარგად არის გასაანალიზებელი. ვიცით ბახმაროში რა მდგომარეობა იყო _ წყალდიდობა მოხდა და ჩამოწვა მეწყერი. როცა რამეს ვაკეთებთ, რისკი აუცილებლად ბოლომდე უნდა იყოს გათვალისწინებული, რაც სამწუხაროდ, ყოველთვის არ ხდება.
ბახვი ჰესი 1, მეტნაკლებად აკმაყოფილებს მოთხოვნებს, მაგრამ რას გამოიწვევს თუნდაც მცირე ზომის დაგუბება იმ ტერიტორიაზე, სადაც არის მეწყერები, ბოლომდე არ ვიცით _ ამას სჭირდება ღრმა კვლევები.
ჩვენთან არ არის შესწავლილი მდინარის ხარჯი, არც მისი ციკლი _ მარტო ასწლეულით ხდება დაკვირვებები, როცა უკვე ათასწლეულებით უნდა ხდებოდეს, იმდენად პრობლემატურია ჩვენი მდინარეები.
აჭარა-თრიალეთის ქედი აღმოჩნდა საკმაოდ მოძრავი და დღეს გეოლოგების პროგნოზები ძალიან საგანგაშოა. იქ ისეთი პროცესები დაიწყო, ერთმა წვიმამ შეიძლება გამოიწვიოს ნიაღვარი და ძალიან ბევრი ეროზირებული მიწის ჩამოწოლა.
ყველაზე მოწყვლადი არის ჩოხატაური, შემდეგ ოზურგეთი და ლანჩხუთი; ძალიან პრობლემატურია სიტუაცია მთის სოფლებში.
ჩვენ ჯერ კიდევ არ მოგვიხდენია რეაგირება იმ სტიქიებზე, რაც გამოიწვია 2023 წლის წყალდიდობამ გურიაში; ვერ გავიაზრეთ მეწყრული პროცესები და დიდთოვლობა, რომელიც წელს იყო.
გადაწყვეტილება, რომ სოფლები უნდა დაცარიელდეს, ყველაზე მარტივია: ყველაზე რთულია ბრძოლა იმისთვის, რომ სოფლები შენარჩუნდეს, _ ამბობს ნინო ჩხობაძე.
ინფორმაციისთვის, გურიაში 2023 წლის სექტემბერში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ სტიქიურ მოვლენებს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რა ღონისძიებები ჩატარდა გასულ წელს გეოლოგების რეკომენდაციების მიხედვით გურიაში, ამის შესახებ საჯარო ინფორმაცია სამივე მუნიციპალიტეტების მერიებიდან 23 მარტს გამოვითხოვეთ, თუმცა, პასუხი დღემდე მხოლოდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან გვაქვს მიღებული.
ინფორმაციისთვის, გეოლოგები ამბობენ, რომ მოსახლეობა, რომელიც ექვემდებარება გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანას, რეკომენდაციას უნდა დაემორჩილოს, რადგან იქ ცხოვრებით, საკუთარ და ოჯახის წევრების სიცოცხლეს რისკავენ.
ავტორი
































































