დაკარგულ პირთა შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა 47 შეტყობინება – 135 პირის დაკარგვის შესახებ, ხოლო სპეციალურ ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 15 შეტყობინება 40 პირთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„შეტყობინებების მიღებისთანავე დაიწყო შესაძლო დაკარგული პირების იდენტიფიცირება, რომელიც ხდებოდა როგორც შეტყობინების ინიციატორებთან უშუალო კომუნიკაციით, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზების მიხედვით. დაკარგული პირების სია იყო მუდმივად განახლებადი და მასში არსებული მონაცემები ზუსტდებოდა უწყვეტ რეჟიმში.
ის პირები, რომლებიც პირველ ეტაპზე დაკარგულად ითვლებოდნენ, ხოლო შემდეგ ინიციატორთან კომუნიკაციით, ან სამაშველო ღონისძიების შედეგად დგინდებოდა რომ უსაფრთხოდ იყვნენ, პოლიციის თანამშრომლები ახდენდნენ პირად კომუნიკაციას, რის შედეგადაც ხდებოდა აღნიშნული პირების ამოღება დაკარგული პირების სიიდან“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.