თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, სითი პარკთან ხელშეკრულება 10 აპრილიდან შეწყდება, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „გურია ნიუსი“ კომპანიას დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ გადაწვეტილება იყო მოულოდნელი და მერიის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ნაბიჯი იქნა გადადგმული.
,,კომპანია „სითი პარკისთვის“ მოულოდნელი აღმოჩნდა კონტრაქტის შეწყვეტა და ამის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ მერის სატელევიზო გამოსვლით. კომპანიას მიაჩნია, რომ ეს წარმოადგენს მერიის, როგორც კონტრაქტის მხარის მიერ გადადგმულ არაკეთილსინდისიერ და არაპროფესიონალურ ნაბიჯს. ასევე, მიუღებელია მერიის აპელირება იმ საკითხზე, რომ სი–თი პარკი არღვევს ვალდებულებებს, ვინაიდან სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარეობს მერიის წინააღმდეგ ორი დავა, თუმცა, არცერთი დავა დასრულებული არ არის და არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება. მიუხედავად მერის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადებებისა, რომ მუნიციპალიტეტი საკითხს გადაწყვეტდა კანონის საფუძველზე, დღეს სახეზეა სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება, რაც აშკარას ხდის მერიის მიზანმიმართულ უკანონო და არასამართლებრივ გადაწყვეტილებებს“, _ აცხადებენ ,,სითი პარკში“.
მათივე თქმით, არსებობდა სფეროს კონტროლის ასაღებად გარკვეული მაღალი თანამდებობის პირთა ინტერესები და, სამწუხაროა, რომ ქვეყანაში ამ ჯგუფის ინტერესები დგება კანონსა და სასამართლო გადაწყვეტილებებზე მაღლა და კომპანია თავისი ინტერესების დასაცავად აუცილებლად მიმართავს ყველ სამართლებრივ გზას, მათ შორის საერთაშორისო დონეზე.
,,სასამართლო დავის პროცესში ასეთი უსაფუძვლო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება შეუსაბამოა დემოკრატიის პრინციპებისათვის, რაც აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. კომპანიისათვის ცნობილი იყო, რომ არსებობდა სფეროს კონტროლის ასაღებად გარკვეული მაღალი თანამდებობის პირთა ინტერესები, და სამწუხაროა, რომ ქვეყანაში ამ ჯგუფის ინტერესები დგება კანონსა და სასამართლო გადაწყვეტილებებზე მაღლა. კომპანია აუცილებლად მიმართავს ყველა სამართლებრივ გზას, მათ შორის საერთაშორისო დონეზე და დაიცავს თავის როგორც უცხოელი ბიზნეს ინვესტორის უფლებებს“, _ განმარტეს კომპანიაში.
ასევე, აღნიშნეს, რომ მიღებული გადაწვეტილება ქვეყნის იმიჯს დააზიანებს საერთაშორისო დონეზე.
,,სამწუხაროა, რომ მერიის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული გადაწყვეტილებები დააზიანებს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე და ასევე, ბიზნესურთიერთობებს საქართველოსა და ისრაელს შორის. პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად გაკეთებული განცხადება აუცილებლად იმოქმედებს კომპანიაში დასაქმებულთა სამუშაო გარემოზე. მერის მიერ პირდაპირ ეთერში გაკეთებულმა განცხადებამ რისკის ქვეშ დააყენა კომპანიაში მომუშავე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც კანონის საფუძველზე ინსპექტირებენ დედაქალაქში“, _ აღნიშნეს “სითი პარკში”.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახი კალაძემ, დღეს მერიაში საგანგებოდ გამართულ ბრიფიგზე განაცხადა. კომპანიამ „სითი პარკი” თბილისის მთავრობის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 2007 წელს გაიმარჯვა. აუქციონში გამარჯვების შემდეგ კომპანიას დედაქალაქში პარკირების მართვის ექსკლუზიური უფლება 15 წლით მიენიჭა.