მართველ გუნდსა და პრემიერ-მინისტრს შორის აზრთა სხვადასხვაობა იყო და ცხადი იყო, რომ კვანძის გახსნა უნდა მომხდარიყო, – განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, სოზარ სუბარმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„კვანძის გახსნა დღეს მოხდებოდა, ხვალ, თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს ასეთი საჩქარო საქმე არ იყო, თუმცა, გიორგი კვირიკაშვილმა თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ასპარეზი ახალი ხედვებისთვის, ახალი გუნდისთვის დაეთმო.
გუშინ სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა, შეხვედრის ფორმატში გარკვეული საკითხების საკმაოდ მწვავე განხილვა იყო. უფრო მეტ დეტალებში არ შევალ“, – განაცხადა სუბარმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად დროული იყო გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილება, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ გარკვეული ცვლილებების საჭიროება მომწიფებული იყო.
„ყველა პრემიერმა, ვინც ამ ხნის განმავლობაში იყო, თავისი როლი შეასრულა და თავისი პოზიტივი დააგროვა. თუმცა, ამ პოზიტივთან ერთად, როცა ქვეყანაში ამდენი გაჭირვებაა და ვერ ახერხებ, ყველა პრობლება ერთბაშად გადაწყვიტო, ცხადია, ბევრ ნეგატივსაც იკიდებ.
ამიტომ, თვითონ პიროვნებისთვისაც კარგია, თავისთვის ახალ ასპარეზს რომ მონახავს და იმ ასპარეზს, სადაც ამ ხნის განმავლობაში ძალიან წარმატებით მოღვაწეობდა, ახალ ადამიანს მისცემს“, – განაცხადა სუბარმა.
„უახლოეს მომავალში, მე მის ადგილზე დასვენებისთვის ტაიმაუტს ავიღებდი“, – განაცხადა სუბარმა.
შეკითხვაზე, რა ფუნდამენტურ საკითხებზე ჰქონდათ განსხვავებული პოზიცია ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ ამის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც გუშინაც საკმაოდ განსხვავებული შეხედულებები იყო, იყო ბანკებთან დაკავშირებული პოლიტიკა, რომელსაც ქვეყანა ატარებდა.
1tv.ge