დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აგრძელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) საქმიანობის მონიტორინგს, რომლის ძირითადი მიზანი სამსახურის ინსტიტუციური რეფორმის ხელშეწყობა და მანდატის ბოროტად გამოყენების რისკების შემცირებაა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობის №584-ე დადგენილებით გათვალისწინებულ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე უწყებებში სუს-ის მიერ თავისი მუდმივი წარმომადგენლის (ე.წ. ოდეერების) დანიშვნის საკითხის შესწავლა, _ ამ შინაარსის განცხადებას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ავრცელებს.
“გურია ნიუსი” უცვლელად გტავაზობთ განცხადების ტექსტს.
“2021 წლის 17 მარტს, DRI-იმ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საჯარო ინფორმაციის გაცემის თხოვნით მიმართა. განცხადებით ვითხოვდით იმ უწყებების სიას, რომლებთანაც სუს-ს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 ნოემბრის №584-ე დადგენილების საფუძველზე გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც ამ უწყებებში სამსახურის მიერ თავისი მუდმივი წარმომადგენლის (ე.წ. ოდეერის) დანიშვნას ითვალისწინებს. ორჯერ ერთი და იმავე შინაარსის განცხადებით მიმართვის მიუხედავად, სუს-მა გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მიწოდებაზე უარი გვითხრა.
DRI-ის შეფასებით, სუს-ის უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, სამართლებრივად დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი საჯარო ინფორმაციის გაცემის წესს. გამოთხოვილი ინფორმაცია არ შეიცავს სახელმწიფო, პროფესიულ, კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი საიდუმლო დოკუმენტად მიიჩნევს მხოლოდ მაღალი რისკის მქონე სუბიექტებისთვის დადგენილ უსაფრთხოების დაცვის რეჟიმს, რომელსაც DRI-ის მიერ გამოთხოვილ ინფორმაციასთან კავშირი არ აქვს.
უწყების მხრიდან, რომლის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაა, საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაუსაბუთებელი უარი შემაშფოთებელია. საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებით დადგენილია კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყების ანგარიშვალდებულების და საჯაროობის განსაკუთრებით მაღალი სტანდარტი.
გამომდინარე იქიდან, რომ სუს-ის უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა უწყების ხელმძღვანელს გრიგოლ ლილუაშვილს”, _ ნათქვამია განცხადებაში.