სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების 3 თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. უწყება მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის იანვარში მოსე დ-მ, შალვა ღ-მ და გივი ბ-მსამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით არ განახორციელეს კანონით გათვალისწინებული მათზე დაკისრებული მოვალეობები.
კერძოდ, უკანონო ქმედებებში არ ამხილეს ორი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნატანების კალაპოტში მუშაობდნენ და საშუალება მისცეს აღნიშნულ კომპანიებს მოეხდინათ დიდი ოდენობით ინერტული მასალის – ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით).