პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ თამბაქოს აქციზის გადასახადი კიდევ გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თამბაქოს პროდუქტები გაძვირდება. ეს განცხადება ზოიძემ თამბაქოს მოხმარების შემცირეული სტატისტიკის კომენტირებისას გააკეთა.
“საუბარია მოხმარების შემცირებაზე. ჩვენი გათვლებით, აქციზის ფასის ყოველი 10%-ით მატება იწვევს 5-8%_ით მოხმარების შემცირებას. თუ ადრე ადამიანი 20 ღერს ეწეოდა, ახლა მოწევს 8-9 ღერს. ჩვენს შემთხვევაში მოწევის 15%-იანი შემცირება იმიტომ მოხდა, რომ დაახლოებით 30%-ით მოიმატა აქციზმა. მწეველთა რაოდნობა შესაძლოა ბევრით არ მცირდება, თუმცა თითოეული მწეველი სულ უფრო ნაკლებს ეწევა ფასის გამო. გარდა ამისა, კომპანიებმა მარაგებიც შეამცირეს, რადგან ახალ რეგულაციებს ელოდებიან, რომელიც თამბაქოს ახალი კანონმდებლობით უნდა ჰქონდეთ. ვინაიდან შესაცვლელი იქნება შეფუთვები, მარაგებს არ იტოვებენ. ჩვენ გვაქვს ევროკავშირთან ვალდებულება და აქციზმა უნდა მოიმატოს ეტაპობრივად და 2020 წლამდე ამ მატებამ 1/3 უნდა შეადგინოს. მაგალითად, თუ ახლა ფილტრიან სიგარეტზე აქციზი დაახლოებით 2 ლარი ღირს, უნდა გახდეს 3 ლარამდე. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით თამბაქოზე აქციზის მომატებას”,– განაცხადა აკაკი ზოიძემ და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტის წევრის ფიცი დადო, თამბაქოს მოხმარება შეწყვიტა.
“როგორც კი პარლამენტის წევრის ფიცი დავდე, იმ დღეს დავანებე მოწევას თავი. მანამ 25 წელი ვეწეოდი და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყე თამბაქოს საწინააღმდეგო კანონის აქტიური მხარდაჭერა და თამბაქოს კანონი გავიტანე უკვე არამწეველმა. ჩემი აზრით, მე არ მქონდა მორალური უფლება გამეტანა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობა ისე, რომ თავად მწეველი ვყოფილიყავი”,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ეოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 1/3 მწეველია. ამ მაჩვენებლით ქვეყანას მსოფლიოში მეექვსე ადგილი უჭირავს, ევროპაში კი – მეორე ადგილზეა. სწორედ თამბაქოს მოხმარება სახელდება სიმსივნეების, სხვადასხვა გულსისხლძარღვთა დაავადებრებისა და ნაადრევი სიკვდილის მიზეზად.