როგორც ვწერდით, დღეს, ოზურგეთში, ცხრა აპრილის ქუჩაზე მდებარე საბითუმო მაღაზია „მავნეს“ წინააღმდეგ , ადგილობრივმა ტანსაცმლით მოვაჭრეებმა აქცია მოაწყვეს, რაც პოლიციამ დაშალა.

ძირითადად, ადგილობრივი მოვაჭრეები, „მავნეს“ ხელმძღვანელობისგან მოითხოვდნენ, შეეწყვიტა იაფად საქონლის გაყიდვა. ასევე სვამდნენ კითხვას, როცა მაღაზია საბითუმოა, რატომ ყიდიან ცალობით ტანსაცმელს თუ ფეხსაცმელს, თან საკმაოდ იაფად , ვიდრე ეს ლილოს ბაზრობაზე ღირს.
საბითუმო მაღაზია „მავნე“ ოზურგეთში ახლახან გაიხსნა და აქ ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით ვაჭრობენ. ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც ამ ხმაურს შეესწრნენ, ამბობდნენ, რომ უხარიათ ასეთი მაღაზიის გახსნა.
„ძალიან კარგია, რომ ეს მაღაზია გაიხსნა. ადამიანი ყიდის საკმაოდ იაფად, ვიდრე ბაზარში არსებული მაღაზიების მფლობელები თუ გამყიდველები. რა უნდათ?რატომ ჰგონიათ, რომ ეს მავნებლობაა? იძახიან, სახელი რაც ჰქვია, ისე იქცევაო. მათ უნდათ, ორმაგად და სამმაგად გაყიდონ თავისი „ტავარი“, თორემ როგორც თავად ყიდულობენ ლილოში, ეს ადამიანიც ისე ყიდულობს და მოაქვს“, _ ესარჩლებოდნენ სავაჭროდ მისული ადამიანები „მავნეს“ მეპატრონეებს.
„გურია ნიუსს“ მაღაზიაში უთხრეს, რომ მეპატრონე ჩოხატაურის მკვიდრია და ამ წუთში აქ არ იმყოფება.
_ჩვენ მხოლოდ საქონელს ვყიდით. მეტი არაფერი ვიცით, მფლობელი ადგილზე არაა. ეს ხალხი მოვიდა და ბრაზობდნენ, იაფად რატომ ყიდით, ჩვენ ხელი გვეშლებაო, _ გვითხრეს მოლარე-ოპერატორებმა.

„გურია ნიუსთან“ პერსონალურად საუბარი არ ისურვა არცერთმა გაბრაზებულმა მოვაჭრემ, რომლებიც მაღაზიასთან პროტესტის გამოსახატავად მივიდნენ.
ჩვენ მათ ოზურგეთის ბაზრის ტერიტორიაზე შევხვდით, სადაც დახურულ სივრცეში სავაჭრო დახლებია განლაგებული.
„ „რომ მოვიდა და ლილოს ბაზრობის ფასზე დაბლა დასწია თავისი ფასი, ტყუილა შოულობს ეტყობა“; „მისი ჭამა გვეყოფა? ჩვენც გვაშოვნინოს მაშინ“; „ლილოს ბზრობაზე რაც ფასია, იმაზე დაბალ ფასში როგორ ყიდის? გვითხრას მაშინ, სად შოულობს ასე იაფად. ეტყობა, საიდანღაც პირდაპირ მოაქვს. მეორე პირია. ჩვენ რატომ ვიყოთ მესამე პირი?“; „საშემოსავლოს არ გადავიხდით, თუ ასეა.“; „საბითუმო თუ არის, რატომ ყიდის ცალობითაც?“; „ ჩვენც მიზერულ ფასს ვამატებთ, რომ ვიარსებოთ…“ _ ამბობდნენ მოვაჭრეები და საკუთარ გაბრაზებას იმით ხსნიდნენ, რომ მათაც უჭირთ. აქ დალხინებული არავინაა და „მავნეს“ გამო, დაკარგეს კლიენტი.
თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში , ძნელია იმის თქმა, ვინ უფრო მტყუანი ან მართალია. ერთი შეხედვით კი, მოქალაქეთა გულისწყრომა მაინც იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ვიღაცა ვირაცას იმის გამო შემოსწყრა, რომ საქონელი იაფად გაყიდა.
_დღეს, როცა იმას ცდილობს ყველა, „ძაღლი თუ მამაძაღლი“, როგორ გააძვიროს ყველაფერი, პანდემიამაც განსაკუთრებით შეუწყო ამ ყველაფერს ხელი, რატომ უნდა ეჩხუბონ კაცს, რომელიც ბაზარზე შედარებით ნაკლები ფასით შემოდის? არა, ბატონო, ერთნაირად ყიდულობს ყველა იმ ლილოს ბაზარზე საქონელს. უბრალოდ, ზოგს სურს, ორმაგად და სამმაგად გაყიდოს თავის „ტავარი“. ვიღაც კი გამოჩნდა, რომელმაც ამ პირობებში ფასები დასწია. ოზურგეთში ასეთი ნაბიჯი სასურსათო მაღაზია „ჭანუყვაძემაც“ გადადგა, ყოველგვარი აქციების გარეშე. ავდგეთ და ვეჩხუბოთ, სხვაზე იაფად რატომ ყიდიო? ესენი იძახიან, „მავნემ“ აქციები დააწესოს, კვირაში ორჯერ და მაშინ გაყიდოს იაფადო… წესებსაც უდგენენ? რა თქმა უნდა, ხალხს უჭირს და ყველა ცოდოა. მძიმე ეკონომიური მდგომარეობაა სოციუმში. თუმცა, დღევანდელი პროტესტი უფრო ვაჭრული სულისკვეთების გამოხატულება უნდა იყოს, ვიდრე ასეთი გასაჭირისა. ამიტომ, შესაბამისმა ორგანოებმა უნდა მიხედოს, რა წესებს ექვემდებარება საბითუმო თუ საცალო ვაჭრობა, ვინ გადაიხდის საშემოსავლოს და ვინ არა და ასე შემდეგ“ _ თქვეს რიგითმა მოქალაქეებმა „გურია ნიუსთან“, რომლებიც ასევე მცირე ბიზნესით არიან დაკავებული და საკუთარი გადმოსახედიდან აფასებენ მიმდინარე მოვლენებს.

































































