“გასაგებია, რომ 11 წლის წინ ქალები ვერ საუბრობდნენ ღიად, ჩვენ მსხვერპლს ვერასდროს ვუსაყვედურებთ, დროზე რატომ არ ილაპარაკა. ეს არასდროს სწორი და გამართლებული არ არის“, – ასე გამოეხმაურა ნინუცა მაყაშვილის ბრალდებას, ყოფილი მეუღლის ბესო ზანგურის ძალადობის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ძალადობაზე საუბარი არასდროს არის გვიან.
„ძალადობაზე საუბარი არასდროს არ არის გვიან. გასაგებია, რომ 11 წლის წინ ქალები ვერ საუბრობდნენ ღიად. სწორედ ამიტომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ინიციატივითა და გადაწყვეტილებით, ხელი მოეწერა ქალზე ძალადობის წინააღმდეგ ევროპაში ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტს – ეს არის სტამბულის კონვენცია, რომელსაც მე ხელი მოვაწერე 2014 წელს, თვენი ყველას, ქართველი გოგოებისა და ქალების სახელით. ამას გამოყენება სჭირდება. ნინუცა მაყაშვილი მიუხედავად იმისა, რომ იყო მიწვეული საგამოძიებო ორგანოში, ის ჯერ კიდევ არ მოსულა. იმედი მაქვს, რომ უარს არ აცხადებს, რადგან თუნდაც ის ფიქრობდეს 11 წლის მერე გვიანია საგამოძიებო ორგანოში სიარული, მე მინდა მას ვუთხრა, ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან, ვინაიდან ეს სხვა ქალების უფლებების დაცვისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა წულუკიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ რობერ სტურუას გათავისუფლება არ იგეგმება.
„რაც შეეხება ბატონ რობერტ სტურუას, პირდაპირ გეტყვით, როგორც კულტურის მინისტრი, რომ მისი გათავისუფლება არ იგეგმება. ეს არის ის ადამიანი, რომელსაც ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ბადალი თუ ჰყავს. კარგი იქნება თუ მასზე თავდასხმას შევწყვეტთ. ორივე მხარემ საგამოძიებო ორგანოსთან უნდა ითანამშრომლოს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ბესო ზანგურს და კარგი იქნება თუ ის დღესვე დატოვებს თეატრს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მსახიობი ბესო ზანგური ყოფილმა მეუღლემ, მსახიობმა და ტელეწამყვანმა ნინუცა მაყაშვილმა ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა.