გუნდში ასე ჩაითვალა, რომ ტაქტიკურად ამ წუთას მათ ერთი შემსრულებლის მეორით შეცვლა აწყობთ, თამარ ჟვანიაზე უარესები ეყოლებათ თუ დასჭირდათ – არ იკადრებენ? იკადრებენ, – ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი თამარ ჟვანიას ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომას.
როგორც მან განაცხადა, მთავარია სისტემური ცვლილებები და არა საკადრო გადაწყვეტილებები, რომელიც არაფერს ცვლის.
„ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღება პირად დონეზე. ასეთი გადაწყვეტილებები ატარებს პოლიტიკური ტაქტიკური სვლების ხასიათს და მეტი არაფერი. ისინი ძალიან ამაყობენ ამ სიტყვით – გუნდი და გუნდში ასე ჩაითვალა, რომ ტაქტიკურად ამ წუთას მათ აწყობთ ერთი შემსრულებლის მეორით შეცვლა.
მე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს კიდევ უფრო დახვეწოს ტექნოლოგია, კიდევ უფრო უკეთესად შეფუთოს ეს ყველაფერი და ბუნებრივია, ისინი ცდილობენ რაც შეიძლება ნაკლები კომპრომატი ახლდეს პროცესს თან და შესაბამისად, აი ასეთ სიმბოლურ გადაწყვეტილებებს იღებენ. სინამდვილეში არ უნდა გვქონდეს ჩვენ იმის ილუზია, რომ თამარ ჟვანია იყო ბოროტების სათავე და თამარ ჟვანია აყალბებდა არჩევნებს და ძალიან ბოროტი ადამიანი იყო – ეს, რა თქმა უნდა, ასე არ იყო. ის უბრალოდ შემსრულებელი იყო მანკიერი სისტემის და თუ რამეს აშავებდა, ის ამას აკეთებდა სისტემის სახელით და არა საკუთარი მოსაზრებებით. არც იმის ილუზია უნდა გვქონდეს, რომ თამარ ჟვანია 2-ს, 3-ს და 4-ს ვერ იპოვიან, თუ პოლიტიკური ნება დარჩა, რომ ბოროტად გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი და ათასი მანიპულაცია და მამაძაღლობა ატარონ. აქ მთავარია სისტემური ცვლილებები და არა საკადრო გადაწყვეტილებები, რომელიც არაფერს არ ცვლის. თამარ ჟვანიაზე უარესებს იყოლიებენ თუ დასჭირდათ.
ოპოზიციის მხრიდანაც არ მიმაჩნია სწორად, თამარ ჟვანიას თემის გადაწყვეტას რომ ითხოვდნენ. მთავარია, რომ თვითონ პროცესი სისტემურად იქნას უზრუნველყოფილი ისე, რომ უზრუნველყოს კონკურენტუნარიანობა, გამჭვირვალობა და სამართლიანობა. პროცესი ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ ძალიან ბოროტმა ადამიანმაც კი ვერ მოახერხოს მისი გაფუჭება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენ ვისაუბროთ პროგრესზე. იცით, რამდენი ადამიანი ვიცი, არჩევნები რომ კარგად იციან და თამარ ჟვანიაზე ბევრად უფრო ბოროტები არიან? ძალიან ბევრს ვიცნობ ასეთს და ასეთი, რომ დანიშნონ? ხომ შეუძლიათ? შეუძლიათ, არ იკადრებენ? _ იკადრებენ“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.