სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობი დავით მჭედლიძე ერთ სახალისო შემთხვევას ხშირად იხსენებს:
„გასტროლები გვიმთავრდებოდა კუბაში. ორი დღეც და სახლში ვბრუნდებოდით. მოგეხსენებათ, იმ ძველი ინსტრუქტაჟის ამბები. აკრძალული გვქონდა მარჯვნივ და მარცხნივ გახედვა, დალევა – არა, გართობა – არა, ქალები – არა.
არადა, ქალები დადიოდნენ, მაღლები, შხვართები, შოკოლადისფერები, თვალებბრიალები. მოკლედ, სამი ვაჟკაცი ვდგავართ სასტუმროს წინ, ხან ერთი მანქანა გააჩერებს ქალებით სავსეს, ხან – მეორე, გვიკრავენ თვალს – ბამოს კონ მიგო (წამოდი ჩემთან, მეგობარო), ჩვენ ხელებს ვასავსავებთ გულზე. ასე გავუშვით ულამაზესი ქალებით სავსე ხუთამდე მანქანა, გააჩერა მეექვსე მანქანამ, გადმოყო ერთმა „დასაწვავმა“ თავი და გვეძახის – წამოდითო, თან უკან ორი ულამაზესი „შოკოლადკა“ უზის. ჩვენ გადავხედეთ ერთმანეთს, ჯანდაბას, რაც იქნება, იქნებაო, ჩავსხედით და გავყევით. მიდის მანქანა და მიდის ვაჭრობა, არა ამდენს მოგცემ, არა – იმდენსო. ქალაქიდან კარგა შორ მანძილზე გავედით, ქალები თანხას უწევენ თანდათან. ჩვენ კი ფული იმდენი აღარ გვაქვს, გროშებს ვითვლით, რაც გვაქვს, სულ უნდა დავხარჯოთ და ვწუწუნებთ.
ჩვენი ერთი მეგობარი მეგრელი იყო, უყურებს ის ერთ-ერთ გოგოს და აღფრთოვანებას ვერ მალავს: – ხოხ, სენიორა, ხოხ! ისიც უჟუჟუნებს თვალებს და აგიჟებს ამ საწყალს. მივედით სადღაც ტყეში, მძღოლმა დაასიგნალა, აიწია რაღაც უზარმაზარი ბრეზენტის ფარდა, გამოჩნდა სამსართულიანი გაჩახჩახებული შენობა. გადმოვედით, გოგონები გვეუბნებიან, ოთახის და სალაროს ფული წინასწარ მოგვეცითო. ჩვენც შევაკოწიწეთ როგორც იქნა. ახლა ტაქსის ფულიც გადასახდელიაო და ათი პესოც იმაზე „აგვწაპნეს“.
ცოტა გვერდზე მიდექით და დაგიძახებთო, გვითხრეს. ჩვენც განზე მდგარი პალმებისკენ გავიწიეთ. ეს გოგოები უცბად მოწყდნენ ადგილს, ჩასხდნენ მანქანაში და გავარდნენ. ჩვენ დავრჩით პირღიები, სახლში სინათლეები ჩაქრა, ბრეზენტი ჩამოეფარა და დავრჩით ტროპიკულ ტყეში პალმებისა და გვიმრების ამარა, ეს სამი მოტყუებული ყაზილარი.
რა ვქნათ? საით წავიდეთ? – მარჯვნივ, მარცხნივ თუ პირდაპირ – აღარ ვიცით. უკუნი სიბნელეა, ჩავკიდეთ ერთმანეთს ხელი და ნელ-ნელა, ბორძიკით როგორღაც გამოვედით ტრასაზე. მანქანის ჭაჭანება არ არის, ღამის ოთხი საათია. როგორც იქნა გამოიარა ერთმა დანჯღრეულმა სატვირთო მანქანამ, გავაჩერეთ: – ჰავანა? – ვეკითხებით.
– სი, სი (დიახ) ჰავანა! ჩვენც ავძვერით მისაბმელზე და რაღაცა მაგარზე დავერეხვეთ, ქალაქამდე გვერდებგამოთქვეფილები ჩავედით. ეს ჩვენი მეგრელი მეგობარი საერთოდ სიტყვაძუნწი ვინმე იყო და აღშფოთების ნიშნად, ეს რა გვიყვეს კუბელმა ქალებმაო, წამოისროლა: – ხოხ, სინიორინებო, მაგალითად!
– ხოხ კი არა, ბიჭო, ვავა, ვავა, რავა გაგვაცუცურაკეს ამათი კუბელი დედაც – თქვა ჩემმა მეორე მეგობარმა.
მართლაც ვავა! კაპიკი ფული არ გვიჭყაოდა ჯიბეში, გაღლეტილები ვიყავით უსაშველოდ. სასტუმროში რომ მივედით და ჩვენი გადაგდების ამბავი მოვყევით, მეგობრებმა გვაჩუქეს ფული, სახლამდე შიმშილით რომ არ მოვმკვდარიყავით“.
ავტორი