ბატონმა თენგიზ სულაქველიძემ თავის დროზე ლეგენდარული დიეგო მარადონას წინააღმდეგ ორჯერ ითამაშა და თავი არც ერთხელ არ შეურცხვენია…
„კარიერის განმავლობაში უამრავი ვარსკვლავის წინააღმდეგ გავსულვარ მინდორზე: ზიკო, ფალკაო, კიგანი… ნუ, მარადონაზე აღარაფერს ვამბობ – ის ფენომენი იყო!
დიეგოს ჩემი დახასიათება არ სჭირდება: ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ რა დონის მოთამაშე იყო. ის ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო და ამაში ყოველ ჯერზე ვრწმუნდებოდი. მის წინააღმდეგ ორჯერ არგენტინაში ვითამაშე, ერთხელ კი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე. ულევი ჯანის პატრონი გახლდათ, წამით მოადუნებდი ყურადღებას და მორჩა, დამთავრებული იყო ყველაფერი – ან ვინმეს გაიყვანდა მეკარესთან პირისპირ, ანაც კარისკენ გაისროდა!
მიმაჩნია, რომ მარადონას თამაშიდან „გამოთიშვა” გამორიცხული იყო. მაქსიმუმი, რაც მეტოქეს შეეძლო, მათ შორის საკუთარ თავსაც ვგულისხმობ, მისთვის ხელის შეშლა იყო. მარდონას მეტს ვერაფერს დააკლებდი. თქვენ გინახავთ ვინმეს მიერ გაჩერებული მარადონა? მე – არა.
ელკიაერ-ლარსენი? ჰოოო, მის გამო 1986 წელს მექსიკაში, ჩემთვის მეორე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ვითამაშე, თუმცა ეს უფრო ნაკრების მწვრთნელის ედუარდ მალაფეევის ბრალი იყო, ვიდრე ლარსენის. დანიასთან წაგებული თამაშის შემდეგ მან ყველაფერი მე დამაბრალა, ასე განაცხადა, თითქოს ელკიაერთან პერსონალურად უნდა მეთამაშა, არადა დაცვის ოთხეულს ზონაში თამაში დაგვავალა. მოკლედ, დანიამ გადაგვიარა, წაგებაში კი მალაფეევი პირადად მე „მადანაშაულებდა”. მას პირში ვუთხარი, არასწორად ლაპარაკობ-მეთქი. ამის გამო „დამსაჯა” – გუნდს ჩამომაშორა! სხვათა შორის, სანაკრებო გარჩევაზე ოლეგ ბლოხინმა და რინატ დასაევმა მე დამიჭირეს მხარი“.




































































