თხილი, როგორც გურულების (და არა მარტო) მარჩენალი კულტურა აღარაა მოდაშიო, _ ასე ხუმრობენ ახლა გურულები, თუმცა, მათივე თქმით, ჯერ მაინც ეჭიდებიან ფაროსანასგან თუ მრავალი სახის სოკოსა და მავნებლისგან დაავადებულ მცენარეს.
წელს, თხილის პლანტაციებში, უკვე გამოჩნდა სანაყოფე ფორმაში მყოფი თხილი და ადგილობრივი მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ მოსავალი ცუდი არ იქნება. თუმცა, აქცენტს ფაროსანაზე, როგორც მთავარ დამზარალებელზე აკეთებენ.
გასულ წლამდე საქართველოში მოქმედებდა თხილის წარმოების ხელშემწყობი პროგრამა, რომელიც 2026 წლიდან შეჩერდა. მოსახლეობისგან ახლა ხშირად ისმის, რომ ცოტა დახმარება მაინც კარგი იყო და ისიც შეგვიწყვიტესო. თუმცა სამი წლის მანძილზე, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამისთვის წელიწადში 22 მილიონი ლარის გამოყოფამ შედეგი ვერ გამოიღო _ მავნებელი ისევ მომრავლებულია, სოკოვანი დაავადებები მძლავრობს. თხილი ხმება და ახალ დაავადებას ჯერ სახელი არ ჰქვია… ამიტომ ერთის მხრივ სახელწიფომ დაზოგა წყალში გადაყრილი ფული და ეს ნაბიჯი გამართლებული უნდა იყოს _ სამი წლის მანძილზე ხომ თხილის წარმოების ხელშეწყობისთვის თითქმის 70 მილიონი ლარი ტყუილად დაიხარჯა.
_ კარგი, ბატონო, არ დადგა შედეგი და თხილის სუბსიდირების პროგრამა გაუქმდა, მაგრამ ვერ ერევა მეურნე კაცი მარტო ამ პრობლემას. ხდება შერეული მეურნეობების ჩამოყალიბება, გაშენდა მოცვი, სხვადასხვა კენკროვნები, კაკლოვნები თუ ხეხილოვნები, თუმცა, გურიაში მეურნეს თხილი მაინც ყველა პროდუქტს ურჩევნია _ კომუნისტების მერე, გურიაში, რიგით ფერმერს ასე შემოსავლიანი არაფერი ჰქონია. ამიტომ მისტირიან და ყოველდღიურობად იქცა სინანულის, თხილის საქმე სულ უკან მიდისო…
_ ჯერჯერობით, სეზონზე უფრო მეტ მოსავალს მაინც არაფერი იძლევა, ამიტომ მაინც თხილს მივშტერებივართ…დახმარების პროგრამა შეჩერდა და რა იქნება, არ ვიცით, _ გვეუბნებიან სხვადასხვა სოფლების მცხოვრებლები, რომელთა სატელეფონო გამოკითხვა ჩავატარეთ.
_ ისე ნუ გაგვიგებთ, რომ ვეწინააღმდეგებით თხილის სუბსიდირების პროგრამას. ჩვენც გვაქვს თხილის ბაღები. ვიდრე ჩვენს თვალსაზრისს გეტყოდეთ გაუქმების შესახებ, გეტყვით ერთს _ წელს ხომ იქნება თხილის მოსავალი. ჰოდა, დაიხსომეთ, როცა სეზონი დასრულდება, შეადარეთ რა რაოდენობის მოსავალი მიიღო საშუალოდ გურიამ, ჩვენმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა. შეადარეთ შარშანდელს. რა თქმა უნდა თუ კარგი მსხმოიარობა ექნება ამ კულტურას. ჯერჯერობით კარგი პირი უჩანს, რაც დაეტყო მცენარეს. მერე ხარისხითაც შეადარეთ და რაოდენობითაც. თუ შედეგი დაახლოებით ერთნაირი იქნება, მცირე განსხვავების გარდა, რა დასკვნას გამოიტანთ? ანუ იმ გამოყოფილმა მილიონებმა არ მოიტანა შედეგი. რატომ? ჩვენი შეფასება ასეთია: არ მოხდა მიზნობრივად გამოყენება, არ დაიგეგმა მონიტორინგი, არავინ იცის, ის მილიონები ნამდვილად მოხმარდა პესტიციდებს თუ გარკვეული ნაწილი ვიღაცის ჯიბეში დაილექა? მერე იძახდა მინისტრი თუ მოადგილე, ფერმერს სულ ხომ არ ვაჩუქებთ, სამი წელი ვჩუქნიდითო… ახლა ეს ადეკვატურია? ლოგიკურია ასეთი შეფასება? _ გვეუბნებიან თხილის პლანტაციების მფლობელი ადგილობრივი ფერმერები.
როგორც ვიცით, 2023-2025 წლებში დახმარება გაიცემოდა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო სხვადასხვა აგროქიმიკატების შესაძენად. პირობა კი ასეთი იყო: მესაკუთრის მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებული ფართით, ჯამურად თუ გააჩნდა მესაკუთრეს ორი ჰა-დან სამ ჰა-მდე თხილის ბაღი, სუბსიდიის მოცულობა შეადგენდა ხუთას ქულას ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით. ერთი ქულა უდრიდა ერთ ლარს. ამ ყველაფერმა შედეგი არ გამოიღო. რაც შეეხება ადგილობრივებისგან იმის შეხსენებას, რომ სამინისტროს წარმომადგენლები ჩუქებას ვეღარ შეძლებდნენ, ასეთი აზრი მართლაც გამოთქვა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ _ თხილის წარმოება მომგებიანი ბიზნესია და ფერმერებმა თავადაც უნდა იზრუნონ მოსავლის გაუმჯობესებაზე, მუდმივად ფულს ვერ ვაჩუქებთო…
ფაქტია, თხილის სუბსიდირების პროგრამა ეფექტიანი ვერ გახდა. ოფიციალური ინფორმაციით (სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო), თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამით, 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით 60 715 ბენეფიციარმა ისარგებლა. ფართობი, შესაბამისად, შეადგენდა 41,980 ჰექტარს.
ახლა გადავხედოთ საქსტატის მონაცემებს: 2021 წელს საქართველოში 33 400 ტონა თხილი აწარმოეს; 2023 წელს თხილის მოსავალი 36 900 ტონა იყო; 2024 წელს _ 43 600 ტონა. 2025 წელს 43 500 ტონა. რამდენად ზუსტია ეს მონაცემები, არ ვიცით, თუმცა, საქსტატს უნდა ვენდოთ. მოსახლეობის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ თუ შესამჩნევი მატებაა, ეს თხილის მოსავლის რაოდენობაზეცაა დამოკიდებული. როგორც ვიცით, წლის ჩადგება და მომდევნო წელს მსხმოიარობა თხილს ახასიათებსო.
ადგილობრივი მცხოვრებლები კვლავ ფაროსანას მიიჩნევენ ნომერ პირველ პრობლემად. და არა მხოლოდ თხილის, არამედ ნებისმიერი აგრარული კულტურის თუ ხეხილოვნის დამაზიანებლად.
სეს-ის რეგიონულ სამსახურში გასულ წელს ხშირად აღნიშნავდნენ, რომ სოფლების მცხოვრებთა არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულება იყო ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის ეფექტის ნაკლებობა:
_ არაერთ სოფელში საერთოდ არ შეუშვეს შესაწამლი აპარატებით აღჭურვილი მანქანები. სახელმწიფომ მიმართა ასეთ მეთოდს: სოფლის ცენტრში ყველას თვალწინ იხსნებოდა და ხდებოდა შესაწამლი პრეპარატის დიზელის საწვავში, დოზირებულად შერევა. თუმცა, ხალხი მაინც არ უშვებდა უბნებში მანქანებს. შედეგი სავალალო მივიღეთ. მერე იხვეწებოდნენ, მოდით და შეწამლეთო. მთიდან მობრუნებულმა მავნებელმა ისე შეაწუხა შემოდგომაზე მოსახლეობა, თუ არ იქნა ერთობლივი წინააღმდეგობა, ვერ მოვიშორებთ ამ მავნებელს, _ გვეუბნებიან სეს-ის რეგიონულ სამსახურში.
“გურია ნიუსი” შეხვდა გურიის სოფლების მცხოვრებლებს, რომლებსაც ერთმანეთს გადასცეს ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის ხალხური რეცეპტი, რომელიც მათივე თქმით, ინტერნეტით შეიტყვეს:
_ ფაროსანას საწინააღმდეგო ხალხურ მეთოდს გავეცანი. უკვე დავკრიფე ველური გვირილა. ვხარშე ფერის შეცვლამდე და ერთი ლიტრი გავაზავე ათ ლიტრ წყალში. როგორც მითითებული იყო. უკვე მოვახდინე პირველი შესხურება ჩემს თხილის ბაღში. ყოველი წვიმის შემდეგ, გავაგრძელებ ამ მეთოდით შეწამვლას _ ინტერნეტში ვნახე ეს მეთოდი, ერთმა კეთილმა ადამიანმა გვირჩია. ვნახოთ, რა გავლენა ექნება. ვურჩევ ყველას _ ახლა ველური გვირილა ბლომადაა გაშლილი და მოკრიფონ, მოიმარაგონ და შეწამლონ ეზოები. იქნებ, ამ გზით მოვსპოთ ეს მავნებელი, _ გვეუბნება სოფელ ჭანიეთის მკვიდრი, ახალგაზრდა მეურნე იური ახალაია.
_ მთავრობამ თხილის დახმარების პროგრამა მაინც შეგვიწყვიტა. თხილის სუბსიდირებამ არ გაამართლაო, სულ ხომ არ გაჩუქებთო. მოვკრეფთ გვირილას, მოვხარშავთ და შევუშხაპუნებთ, აბა, რა ვქნათ… ხალხს ეს ქიმიური შეწამვლები ისეც არ მოსწონდა. გვირილა ბლომადაა, მოკრიფოს ყველამ. ჩვენ უკვე შევაგროვეთ. ვცადოთ. იქნებ, სასწაული მოხდეს და მოისპოს ეს მავნებელი. გამოცდილების გაზიარების მოსურნე პირი ამბობს, გვირილის ნახარშის გამოყენებით რომ შევწამლე თხილის ბაღი, ახლოს აღარ მიეკარა ფაროსანაო. ისე, კვდება თუ არა, არავინ იცის. ანუ მეზობლებმა რომ შეწამლოს და მე ვერ მოვახერხო, ან პირიქით რომ მოხდეს, ვისთან წავა ყველა ფაროსანა, ხომ საინტერესოა? გამოცანა დაგვრჩა ამოსახსნელი _ იუმორის გარეშე ფაროსანაზე როგორ ვისაუბრებთ, _ გვეუბნებიან სოფელ ჭანიეთის მცხოვრებლები: შაკო მამალაძე, დავით ღლონტი, ჯუმბერ სურგულაძე და სხვები.
ავტორი


































































