ოზურგეთის კულტურის და დასვენების პარკში, დიდთოვლობის დროს, ატრაქციონი “ავტოდრომი” დაინგრა. რა თქმა უნდა, გამომწვევი მიზეზი დიდთოვლობა იყო, თუმცა, როგორც ამ პარკის და შემოგარენის გულშემატკივარი ოზურგეთელები გვეუბნებიან, მიზეზი ამ ყველაფრისა, უფრო გულგრილობა გახლდათ.
_ რა უნდოდა “ზორტების” გახსნას და ჩამოშვებას? თოვლი დაედებოდა ამ ატრაქციონის მანქანებს, მერე კი დადნებოდა. ახლა ამხელა ზარალია, რადგან კონსტრუქცია მთლიანად ჩაიქცა.
ეს პარკი რომ გაკეთებულიყო და განახლებულიყო სრულფასოვანი სახით, სამ მილიონამდე ღირებულების პროექტი გახორციელდა, _ გვეუბნებიან ადგილობრივები და ხაზგასმით აღნიშნავენ , რომ ატრაქციონი სრულიად ადვილად გადარჩებოდა, ელემენტარული ყურადღების მიქცევის შემთხვევაში.
ჩვენს მკითხველებს შევახსენებთ, რომ პარკის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2 მილიონ 687 700 ლარი გამოიყო.
რეაბილიტაცია 2021 წლის სექტემბერში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ახალი სახელმწიფო პროგრამის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში დაიწყო. ქალაქ ოზურგეთში, მაშინ, აღნიშნულ პროცესს მხარის რწმუნებული, გიორგი ურუშაძე დაესწრო.
აღნიშნული პროექტით ამ პარკის სრული რეაბილიტაცია იყო გათვალისწინებული და მართლაც მოეწყო ახალი ღობე, კაფე, საინფორმაციო ბანერი, საფეხმავლო ბილიკები, გარე განათების ნათურები და ფანჩატურები, ველო და სარბენი ბილიკები, სწორედ მაშინ გაკეთდა საბავშვო ატრაქციონი, რომელიც გამორჩეული იყო და 2025 წელს, ამ ზამთარში, თოვლმა ასე დააზიანა.
პარკის რეაბილიტაცია 2022 წელს დასრულდა.
ცნობილია, რომ ა(ა)იპ კულტურის და დასვენების პარკის სტატუსი გაუქმდა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წინა არჩევნებში გამარჯვებული მერის, კოტე შარაშენიძის წასვლის შემდეგ, 2021 წელს, როცა მომდევნო არჩევნებში ავთანდილ თალაკვაძემ გაიმარჯვა. ამ ა(ა)იპ-ის გაუქმებასთან ერთად, თხუთმეტამდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. როგორც თავად გათავისუფლებულთა უმრავლესობა ამბობდა, შარაშენიძის მომხრეობის გამო. ხოლო პარკის მართვის განყოფილებას, რომელიც კულტურის და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლს ეკუთვნოდა, ინგა დუმბაძე ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ დუმბაძე დაკისრებულ მოვალეობას კარგად ართმევდა თავს. რამდენიმე თვის წინ კი ის პროექტების მართვის მენეჯერად გადავიდა იმავე ა(ა)იპ-ში. ხოლო რეაბილიტირებულ პარკში შევიდა ა(ა)იპ თოჯინების თეატრი. რა თქმა უნდა, ეს საკითხი ვრცლად მიმოხილვის ინტერესის საგანია და ერთი სტატიის ფარგლებში ვერ მოხერხდება. თუმცა, ახლა აუცილებელია ითქვას მთავარი _ რამ გამოიწვია ამხელა ზარალი და მოხდა თუ არა ის, არა გამოუვალი სტიქიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არამედ კონკრეტული პირების გულგრილობით. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აქ ამბობენ, რომ როცა თოვა გახშირდა, საჭირო იყო მეორე დღეს მაინც, პერფორაციებიდან შტირების გამოღება, დაშვება და თოვლის სიმძიმე იქნებოდა, ასე ვთქვათ, განეიტრალებული.
ჩვენ ვესაუბრეთ ინგა დუმბაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ის აღნიშნულ პარკში აღარ მუშაობს და მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის სახლში პროექტების მართვის მენეჯერად დაინიშნა. ამავე სახლის დირექტორმა, კობა ბანძელაძემ თავაზიანად გვიპასუხა, რომ მას ეს საკითხი არ ეხება…
“გურია ნიუსმა” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, კულტურის სამსახურის უფროსს, ნატალია ხომერიკს მიმართა. ხომერიკმა გვიპასუხა, რომ კონკრეტულად ეს საკითხი არ ეხება, თუმცა, დაგვპირდა დახმარებას და გვითხრა, რომ ამჯერად მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელს გამოუვალი მდგომარეობა ჰქონდა _ იყო ჭირისუფალი და 10 მარტამდე სამსახურში ვერ დაბრუნდებოდა.
10 მარტს, ორშაბათს ნინო ბახტაძეს სამსახურში დაბრუნებისთანავე მივმართეთ კონკრეტული კითხვებით. დაგვპირდა, რომ პასუხს მოგვაწვდიდა. რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, როცა პასუხი ვერ მივიღეთ, კვლავ შევახსენეთ, მოეწოდებინა კომენტარი.
_ მე მივმართე ხელმძღვანელებს. არც თანხმობა უთქვამთ, არც უარი. იმედია, პასუხი იქნება და მაშინვე მოგაწვდით, _ გვითხრა ქალბატონმა ნინომ.
ჩვენ მას დღის ბოლომდე ველოდეთ, თუმცა, პასუხის ნაცვლად ისევ დუმილი მივიღეთ.
“გურია ნიუსი” აუცილებლად გააგრძელებს აღნიშნული საკითხის მოკვლევას.
ავტორი