ჟურნალისტი ზურა ბაუჟაძე სოციალურ ქსელ Facebook-ში აქვეყნებს თიხის ჭურჭლის ფოტოს.
მისი ინფორმაციით, ფოტო ბარონ ჟოზეფ დე ბაის ფოტოებიდან არის და გადაღებულია ოზურგეთში.
„თიხის ჭურჭელი ოზურგეთში. 1901 წელი. ბარონ ჟოზეფ დე ბაის ფოტოებიდან.
ოზურგეთის ბაზარზე თიხის ჭურჭლის ყველაზე დიდი მიმწოდებელი აცანის მცირე საოჯახო საწარმოები იყო.
თუ კარგად დააკვირდებით ფოტზე არსებულ ჭურებს, შეამჩნევთ განსხვავებულ ხაზებს. ასეთი ჭურები დღემდე მზადდება გურიაში.
ოზურგეთში ბაზრობა კვირა დღეს იმართებოდა და ამ ჭურჭლის საყიდლად აქ ქობულეთის კინტრიშის ხეობის მოსახლეობაც დადიოდა. ამიტომაც გურულ კერამიკულ ნაკეთობას: ჭურებს, დერგებს, ჭარიკებს, დოქებს დღემდე შეხვდებით კინტრიშის ხეობის სოფლებში.
თუ დააკვირდებით დერგებს თუ ლაგვანებს, რომლებსაც შედარებით მაღალი ყელი აქვს შეიძლება შავიზღვისპირეთში გავრცელებული მაღალყელიანი ჭურები გაგახსენდეთ, რომლებსაც ბოლო პერიოდში არქეოლოგებმა ბევრგან მიაკვლიეს და ჩვენი წელთაღრიცხვის მე-4 – მე-6 საუკუნით ათარიღებენ.
ზოგ ოჯახში ასეთი კერამიკული ნაკეთობები დღემდე შემორჩენილია“,_ იუწყება ბაუჟაძე.