აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ სანქციების შესახებ კანონპროექტში ჩამოთვლილია რუსეთის ყველა ქმედება, რომელიც საერთაშორისო სამართლის დარღვევად არის შეფასებული. კანონპროექტის ტექსტში საქართველო არა ერთხელ არის მოხსენიებული.
“2014 წელს რუსეთმა არალეგალურად მოახდინა ყირიმის ანექსია, ხოლო 2008 წლიდან საქართველოში ოკუპირებული აქვს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ასევე აგრძელებს დესტაბილიზაციურ ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთში,“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.
კანონში ერთ-ერთი პუნქტი მთლიანად საქართველოს ეთმობა:
“რუსეთის ფედერაცია განაგრძობს 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობების უგულებელყოფას, რომელიც საქართველოდან რუსეთის ფედერაციის ჯარის გაყვანას, ჰუმანიტარული ჯგუფების დაუბრკოლებელდაშვებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და ევროპის სამეთვალყურეო მისიის წევრების მიერ კონფლიქტის ზონებში სიტუაციის მონიტორინგს ითვალისწინებს“.
შეერთებული შტატების მიერ ევროპაში რუსეთის ზეგავლენის დაძლევისთვის საჭირო ზომების მიღებასთან დაკავშირებით კანონში წერია, რომ პრეზიდენტმა “უნდა მოუწოდოს რუსეთის მთავრობას, გაიყვანოს ჯარი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიიდან; დაუბრუნოს ტერიტორიების საზღვრებზე კონტროლი ამ ქვეყნების მთავრობებს; შეწყვიტოს ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია ამ ქვეყნების მოსახლეობის მიერ არჩეული მთავრობის დისკრედიტაციისკენ.”
დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ რომ, რუსეთის ფედერაციის მთავრობა იყენებდა და კვლავ იყენებს, საქართველოს და უკრაინის სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ, როგორც ტრადიციულ სამხედრო ძალას, ასევე სადაზვერვო ოპერაციებსა და პროპაგანდისტულ კამპანიებს.