ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ხელი მოაწერა დირექტივას, რომლითაც ესტონეთის სანქციების სიაში კიდევ 19 მაღალი თანამდებობის პირი დაემატა.
როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში წერია, ქვეყანაში შესვლის აკრძალვა, სხვა ადამიანებთან ერთად დაუწესდა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, გენერალურ პროკურორს, პარლამენტის წევრებს, პროკურორებს, მოსამართლეებს და ყოფილ პოლიციის უფროსს.
„ეს პირები პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხისმგებელნი მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების დევნაზე“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ცაჰკნამ.
როგორც ცაჰკნამ განაცხადა: _საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალადობა, პოლიტიზირებული სასამართლო პროცესები და მომიტინგეებისა და ოპოზიციური პოლიტიკოსების მიმართ არაპროპორციული სასჯელები ეწინააღმდეგება დემოკრატიის ძირითად ღირებულებებს და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ პირობებს.
გარდა ამისა, ცაჰკნამ აღნიშნა, რომ ესტონეთი გააგრძელებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის და ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერას ქართველი ხალხის უფლებებისა და ღირსების დაცვით.

































































