ცენტრალური საარჩევნო კომისია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
№79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლის თამარ დიასამიძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ოქმის შედგენის მიზეზი გახდა თამარ დიასამიძის მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე პ/გ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერების კანდიდატების წარდგენის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის ატვირთვა, სადაც ფიქსირდებოდა პარტიული ლოგო, დროშა და სხვა სიმბოლიკა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკოს განცხადებით ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ მიმართა, რის შემდეგაც ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოკვლევა განახორციელა. მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
დღესვე, №82 შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სოფელ სხეფის საჯარო სკოლის მასწავლებლის მარინა დარჩიძის მიმართ 26 სექტემბერს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. მარინა დარჩიძემ სკოლაში მოსწავლეებთან ერთად გადაიღო ფოტოსურათი, რა დროსაც საკლასო მერხებზე განთავსებული იყო პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული დროშები. აღნიშნული ფოტო მარინა დარჩიძემ ფეისბუქზე განათავსა. აღნიშნულთან დაკავშირებით შუახევის საოლქო კომისიას განცხადებით ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ მიმართა, რის შემდეგაც შუახევის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოკვლევა განახორციელა. მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
21 სექტემბერს №39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ასპინძის გამგებლის ლევან ცაბაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ოქმის შედგენის მიზეზი გახდა ლევან ცაბაძის მიერ წინასაარჩევნოდ თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკოს განცხადებით ორგანიზაცია „მრავალეროვანმა საქართველომ“ მიმართა, რის შემდეგაც ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიამ მოკვლევა განახორციელა.
მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.