პენიტენციურ სისტემაში, პენიტენციური ჯანდაცვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი პროგრესი ფიქსირდება – ამის შესახებ ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის – „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ ანგარიშშია აღნიშნული. ამ მხრივ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიღწევებს დადებითად აფასებენ, როგორც პროექტის ხელმძღვანელობა, ასევე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.
პროექტის – „ადამიანის უფლებები და ჯანდაცვა საქართველოს ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში II” აქტივობათა შეფასების მე-3 ანგარიში სამეთვალყურეო საბჭოს შემაჯამებელ შეხვედრაზე განიხილეს, რომელშიც ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის, ასევე, პროექტში ჩართული უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ანგარიში პროექტის ფარგლებში 2016 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელებულ აქტივობებს და მიღწეულ შედეგებს მოიცავს.
პენიტენციური სისტემის მიმართულებით, ანგარიშში მიღწევებს შორის აღნიშნულია, რომ პროექტის ფარგლებში, შემუშავდა ციხეებში ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის კონტროლისა და უზრუნველყოფის დანერგვის სამწლიანი სამოქმედო გეგმა; ჯანდაცვის სფეროს ხელმძღვანელი პირების 95%-ს უტარდება სწავლება ციხეებში ჯანდაცვის მენეჯმენტის შესახებ და ისინი აღჭურვილნი არიან თანამედროვე ცოდნითა და უნარებით.
პენიტენციური ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, სასჯელაღსრულების სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასა და პროექტების განხორციელებას მომავალშიც განაგრძობს. (R)