,,ნაციონალური მოძრაობა“ ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმების და მისი ფუნქცია-მოვალეობების სახალხო დამცველის აპარატისთვის მიერთების ინიციატივით გამოდის.
როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, ხსენებულმა სამსახურმა თავისი არსებობის მანძილზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება ვერ უზრუნველყო.
,,ომბუდსმენის მიერ არ გადადგმულა რაიმე მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯი. ეს ნათლად დასტურდება არსებულ პრობლემურ საკითხებზე ბიზნესომბუდსმენის მხრიდან რეაგირების გარეშე დატოვებული ფაქტებით. ამგვარად, ამ უწყების გაუქმებით და მისი ფუნქციების სახალხო დამცველის უწყებასთან მიერთებით, მოხდება ბიზნეს ომბუდსმენისათვის მიკუთვნებული ფუნქციების უფრო ეფექტიანად წარმართვა, რაც ხელს შეუწყობს ქართული ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და შემდგომ განვითარებას“, _აღნიშნულია ენმ-ის განცხადებაში.
მმართველ პარტიაში ,,ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას ეხმაურებიან.
,,ქართული ოცნებიდან“ რევაზ არველაძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიის ინიციატივა არალოგიკურია, რადგან, მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ აპარატი კარგად არ მუშაობს, გაუქმების მაგივრად ხელმძღვანელი პირი უნდა გამოიცვალოს.
,,მე ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მომხრე არ ვარ. თუ ვინმე არ მუშაობს კარგად, უნდა შეიცვალოს, აპარატი კი არ უნდა გაუქმდეს. თუ არ ვარგა ბიზნესომბუდსმენი უნდა გამოიცვალოს და აპარატი არ უნდა მიუერთო სახალხო დამცველს. რაც შეეხება ბიზნესომბუდსმენის მუშაობას, მე მის ფუნქციონირებაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“,_გვითხრა არველაძემ.
საქართველოს პარლამენტმა ბიზნესომბუდსმენის შესახებ საქართველოს კანონი 2015 წელს მიიღო, მანამდე მისი ფუნქციები საგადასახადო ომბუდსმენს ჰქონდა შეთავსებული.