მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვფლობთ სიტუაციას და ვაკონტროლებთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს, გვმართებს უაღრესი ყურადღება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მეტი წილი გარდაბნის მუნიციპალიტეტში ფიქსირდება, რომელთა მოსახლეობის ნაწილი ქვეყნის ბაზრებსა და ბაზრობებზეა დასაქმებული.
„ბევრი ჩვენი მოქალაქე ამ სოფლებიდან შრომობს თბილისისა და საერთოდ ქვეყნის სხვადასხვა ბაზარსა თუ ბაზრობაზე. ამიტომ, უკვე მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ბაზრებზე, ბაზრობებზე გამკაცრდეს კონტროლი. ეს იქნება თერმოსკრინინგი და შერჩევითი ტესტირება, ისევე, როგორც ამ სოფლებში ჩატარდება აქტიური ტესტირება. საყურადღებოა, რომ შტაბს აქვს მიღებული დავალება იმასთან დაკავშირებით, რომ სიტუაციის შემდგომი გამწვავების პირობებში ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა სწრაფად მოვახდინოთ საკარანტინო ზონების გამკაცრება კონკრეტულ ლოკაციებზე და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ვირუსის მართვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული შედარებით დადებითი დინამიკის შესანარჩუნებლად, ყველამ დიდი ყურადღება და პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.