ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირთან თანამშრომლობასა და სრულუფლებიან წევრობას შორის შუალედური პოზიციისკენ მოუწოდა. ამის შესახებ reuters წერს.
მისი თქმით, მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების საკითხი აქტუალური ვერ იქნება.
ნეჰამერის თქმით, ე.წ “მოსამზადებელი სივრცე” ევროპის ეკონომიკური ზონისა (EEA) და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (EFTA) მსგავსად, ქვეყნებს საშუალებას მისცემს, ევროკავშირის სტანდარტებს მიაღწიონ.
ნეჰამერი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მსჯელობები ემოციური კომპონენტისგან დაცლილი იყოს და დასძინა, რომ უკრაინის ევროკავშირში სწრაფად გაწევრიანება “არარეალურია”.
“ჩვენ ერთი მიზანი გვაერთიანებს – ყველას გვსურს ძლიერი, დამოუკიდებელი და ეკონომიკურად წარმატებული უკრაინა.
ამჟამად, უკრაინა თავისი პოლიტიკური და ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძვის. ჩვენი ძალისხმევა, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის აგრესიული ომის დასრულებისკენაა მიმართული. ასეთ ფაზაში, ალიანსში დაჩქარებული წესით, სრულად გაწევრიანება მაინც ვერ იქნება აქტუალური საკითხი.
ჩვენ უნდა შევქმნათ ევროპული მოსამზადებელი სივრცე, რომელიც შესაძლებელს გახდის ალიანსთან თანამშრომლობის ეტაპობრივად გაძლიერებასა და ევროპულ სტანდარტებთან ადაპტირებას”, – განაცხადა ნეჰამერიმ.
ავსტრიის კანცლერმა, ასევე აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის იდეას, შეიქმნას ახალი ტიპის ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის ალიანსი იმ ქვეყნებში, რომლებიც ბლოკში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვიან.
ამის საპასუხოდ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ თქვა, რომ უკრაინა კომპრომისებსა და წევრობის ალტერნატივებს არ დათანხმდება და რომ კიევს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა სურს.
ავტორი