ლანჩხუთის საკრებულოს ბოლო სხდომაზე მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა, ალექსანდრე სარიშვილმა დეპუტატებს გასული წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის ანგარიში წარუდგინა.
დეპუტატებმა დრო ეკონომიურად გამოიყენეს, ეს საკითხი ისედაც მრავალჯერ გვაქვს განხილულ-გადაღეჭილი ფრაქციებსა თუ კომისიებშიო და მერის მოხსენების მოსმენას პირდაპირ კენჭისყრაზე გადასვლა ამჯობინეს.
შესაბამისად, საკითხის ირგვლივ მსჯელობაც შესაშურად მოკლე დროში ამოიწურა. როგორც მოსალოდნელი იყო, საკითხს უმრავლესობამ ერთხმად დაუჭირა მხარი, ოპოზიციამ კი ტრადიცია არც ამჯერზე დაარღვია და წინა წლების მსგავსად ახლაც არადამაკმაყოფილებელი შეფასება მისცა გასული წლის ბიუჯეტის შესრულებას იმ არგუმენტით, რომ ბიუჯეტს შემოსავლების ნაწილში აქვს ჩავარდნა. ისიც გაიხსენეს, რომ მოწვეულა აუდიტმაც ხარჯვაზე ცუდი დასკვნა დადო.
„ამაზე ვინმემ უნდა აგოს პასუხი. თან ა(ა)იპ-ებზე დადებულ აუდიტის დასკვნებს დეპუტატები პრესით არ უნდა ვეცნობოდეთო“, _ დასძინა სოსო ჩხაიძემ, რომელიც საკრებულოში „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს
სარიშვილის განმარტებით, მოწვეული აუდიტის დასკვნა ზოგადი ხასიათისაა. რაც შეეხება შიდა აუდიტს, ის რამდენიმე ა(ა)იპ-ის საქმიანობას დღესაც სწავლობს, ხოლო იქ, სადაც უკვე დაიდო დასკვნა და გარკვეული პრობლემები დაფიქსირდა, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებია ჩართული.
თუმცა, რატომაა საკრებულოს წევრისთვის მიუწვდომელი რომელიმე სამსახურზე დადებული აუდიტის დასკვნა, ეს ვერც მერმა და ვერც მისმა თანაგუნდელმა დეპუტატებმა ვერ ახსნეს გასაგებად.
ეს იყო და ეს, უმრავლესობამ წინ წლის ბიუჯეტის შესრულება მოიწონა, რომლის საგადასახადო, არასაგადასახადო და არაფინანსური აქტივების კლებიდან შემოსავლებმა გეგმის 94.4% შეადგინა. ირკვევა, რომ ლანჩხუთის ბიუჯეტმა გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების სახით გეგმის 107,9% მიიღო.
როგორც ცნობილია 2017 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი წინა მოწვევის საკრებულომ თავდაპირველად 8147600 ლარის ოდენობით დაამტკიცა, თუმცა, სულ საფინანსო წლის პერიოდში ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების შედეგად, როგორც შემოსავალის, ისე ხარჯვითი ნაწილი 5875804 ლარით გაიზარდა. რაც შეეხება უშუალოდ ხარჯვას, ამ მხრივ ბიუჯეტიდან 13314,6 ათასი ლარი გავიდა. აქედან, შრომის ანაზღაურებას _ 1560,9 ათასი ლარი, ანუ გაწეული ხარჯების 11,1% მოხმარდა, შტატგარეშე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებაზე კი 308,3 ათასი ლარი, ანუ ხარჯის 2,2 % გასული.