1886 წლის მაისში თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი ჩუდეცკი ამავე სასწავლებლის დათხოვნილმა სემინარისტმა იოსებ ლაღიაშვილმა ხანჯლით მოკლა. შემდგომ მკვლელი სახალინზე გადაასახლეს, საიდანაც ის გაიქცა და ამერიკაში დაიდო ბინა,
რექტორ ჩუდეცკის მკვლელობას ტრაგიკული გაგრძელება მოჰყვა. მის დასაფლავებაზე ეგზარქოსმა პავლემ წარმოთქვა სიტყვა, რომლის ტექსტი `Кавказъ~-მა კუპიურებით დაბეჭდა, და სწორედ იმ ნაწილის გამოკლებით, რამაც ქართველობა აღაშფოთა. კერძოდ კი, ეგზარქოსმა თქვა: `…დაიწყევლოს სამუდამოდ შენი მკლავიცა და ის ოჯახიცა, რომელმაც შობა იგი, რომელმაც დაბადა და ის ქვეყანა, რომელმაც გამოზარდა შენი მკვლელი~ .
მის სიტყვას გამოეხმაურა საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, 1832 წლის შეთქმულების მონაწილე და თავადზნაურობის მარშალი დიმიტრი ყიფიანი. მას კარგად ესმოდა, რომ თავისი მდგომარეობა მეამბოხის როლში გამოსვლის უფლებას არ აძლევდა, რადგან ეს უკვალოდ არ ჩაივლიდა, მაგრამ `დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკმა~, მაშინ უკვე 72 წლის კაცმა, ყველაფერი გვერდზე გადადო და ეგზარქოსს წერილი მისწერა, რომელშიც მას ბოდიშის მოხდას და ქვეყნიდან წასვლას სთხოვდა. `…თქვენი თანამდებობის ღირსების გადარჩენა მხოლოდ იმითი შეიძლება, რომ შემრაცყოფელი ადამიანი შეურაცყოფილ ქვეყნიდან დაუყონებლივ იქმნას გასული~.
ამ წერილმა გადაწყვიტა დიმიტრი ყიფიანის ბედი _ ის, როგორც არასაიმედო პირი და დამნაშავე, რუსეთში, კერძოდ კი სტავროპოლში, გადაასახლეს. როგორც არჩილ ჯორჯაძე სამართლიანად მიუთითებს _ `არსებული პოლიტიკური წესი თავის წინააღმდეგი იქნებოდა, ასე რომ არ მოქცეულიყო~.
ყიფიანის ამ პროტესტს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ბევრი გამოეხმაურა _ მოსკოველმა ქართველმა სტუდენტებმა ყიფიანს მხარდამჭერი წერილი გამოუგზავნეს, სადაც ნათქვამი იყო: `…ის ქვეყანა, რომელსაც ჯერ არ გამოჰლევია თქვენისთანა მოხუცი, არ მომკვდარა…~ როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ამ ამბებიდან ცოტა ხნის შემდეგ მცხეთაში, თავად ივანე მუხრან-ბატონის მეუღლის დასაფლავებაზე, ეგზარქოსის ქადაგების დროს ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა მიატოვა ეკლესია და გარეთ გამოვიდა .
ავადმყოფი დიმიტრი ყიფიანი იმედს არ კარგავდა, რომ ის გადასახლებიდან საქართველოში მალე დაბრუნდებოდა, თუმცა შეწყალებაზე უარს აცხადებდა. თავისი მეუღლისთვის გამოგზავნილ წერილში ყიფიანი წერდა: `…არსად, არას დროს და არავითარი ლაპარაკი არ უნდა იყოს პატიების შესახებ, რადგან პატიებას _ ღმერთისადმი ვედრების გარეშე _ მხოლოდ დამნაშავენი ითხოვენ~.
ცოტა ხანში ხელისუფლებამ გადაწყვიტა მისი სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ მოხუც პატრიოტს ეს არ დაცალდა. სტავროპოლიდან გამოგზავნილი დეპეშა იტყობინებოდა: `დიმიტრი ყიფიანი მოჰკლეს ღამე 24 ოქტომბერს, მძინარე. თავში დაუციათ სასწორის ქვა~. `ივერია~ (1887 წ. # 34) წერდა: `გამოძიება ერთს საოცარ ამბავს მიადგა… დიმიტრისთან ხშირად დაიარებოდა უკანასკნელ დროს ერთი საეჭვო კაცი, ნაცრის ფერის პალტო ეცვა. ეს კაცი გადაეკიდა დიმიტრის და მოსვენებას აღარ აძლევდა მოხუცს~. მკვლელობის შემდეგ კი ეს საეჭვო სუბიექტი, როგორც ამბობენ, უწმინდესი სინოდის რუსი ბერი, სადღაც გაქრა.
როდესაც დიმიტრი ყიფიანი თბილისში ჩამოასვენეს, ქალაქი საომრად გამზადებულს ჰგავდა. დედაქალაქში უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. ყიფიანის დასაფლავება მამადავითის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაწყდა. პროტესტის ნიშნად მისი კუბო გოლოვინის პროსპექტზე, მთვარმართებლის სასახლის წინ ჩაატარეს. ხელისუფლებამ სცადა, დამკრძალავი პროცესიისთვის ხელი შეეშალა, რომ მას გოლოვინის პროსპექტზე არ გაევლო და მოკლე გზით, ჭავჭავაძის ქუჩით, ასულიყო, მაგრამ ქართველმა საზოგადოებამ და სამღვდელოებამ სიმტკიცე გამოიჩინა და არ დაანება _ წინ გადამდგარ პოლიციის რაზმს ალექსანდრე ეპისკოპოსმა აღმართული ჯვრით მიმართა: `Дорогу кресту!~ (`გზა მიეცით ჯვარს!~) და პოლიციამ პროცესია მაშინვე გაატარა.
ყიფიანის დასაფლავების მომსწრე არჩილ ჯორჯაძე ასე გადმოგვცემს ამ ნამდვილ ანტირუსულ გამოსვლას: `…ის ზღვა ხალხი, საქართველოს ყველა კუთხიდან შეგროვილი, ეროვნული გრძნობის აპრიალება და საზოგადოებრივ სოლიდარობის გამტკიცება დიდებული, ჯერ კიდევ უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია იყო.~
საქართველოს ეგზარქოსი პავლე, რომელსაც ბევრი ბრალს სდებდა დიმიტრი ყიფიანის სიკვდილში, მეფის მთავრობამ ყაზანში გადაიყვანა. ამ ნაბიჯს ქართველობის წინაშე მობოდიშების ფორმა რომ არ ჰქონოდა, იმპერატორმა ეგზარქოსი ბრილიანტის ჯვრით დაასაჩუქრა.
PS საინტერესო ცნობას გვაწვდის ცნობილი მეფუტკრე და საზოგადო მოღვაწე აპოლონ წულაძე: ,, ,,როცა გურულებმა შეიტყვეს, რომ დიმიტრი ყიფიანს მოსყიდულმა მკვლელმა რუსეთში გირით თავი გაუპო და საყვარელი მოხუცი მოწამებრივი სიკვდილით მოჰკლა, ამან ყველა ააღელვა… ყველა გურულს ,,კბილის კრაჭუნით” უნდოდა შურისძიება.
ამ დროს გურიაში ნაროდნიკ (ხალხოსანი – ი.მ.) ისიდორე ქიქოძის წრე მაგარი იყო. ამ წრის წევრებმა: ვახტანგ გურიელმა (მამიას ძმა) და მელქისედეკ მახარაძემ გადასწყვიტეს დუნდუკოვის (ალექსანდრე დონდუკოვი – მთავარმართებელი -ი.მ.) მოკვლა… სამი გურული წამოვიდა (დიმიტრი (ყიფიანი) შემოდგომაზე მოკლეს და ეს იანვარში იყო) და დუნდუკოვს ჩაუსაფრდნენ მცხეთას იქით. წიწამურის პირდაპირ. სამი დღე იქ ,,იყურყუტეს”… მაგრამ, სამწუხაროთ, დუნდუკოვს, როგორც ცნობა იყო, იქ არ გაუვლია”.
ავტორი






























































