“თანამშრომლები მოქმედებდნენ პროტოკოლის მიხედვით, ჩვენთან არანაირი ნიშნით დისკრედიტაცია არ ხდება” – ასე განმარტა bm.ge-სთან ინნ ჯგუფის ხელმძღვანელმა, ერეკლე კოკაიამ გუშინ, ქუთაისი ინნ-ში მომხდარი შემთხვევა, რაზედაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
საქმე ის არის, რომ გუშინ, 8 თებერვალს ახალი თეატრის მანიფესტი ქუთაისში, ე.წ. 100-საფეხურიან კიბესთან გაიმართა. პროტესტის მონაწილეების ნაწილმა კი სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისინი, სასტუმროში განსხვავებული აზრის და პროტესტში მონაწილეობის გამო, არ შეუშვეს.
ერეკლე კოკაია კი ამბობს, რომ აქციის მონაწილეებს, მხოლოდ საპირფარეშოთი სარგებლობა სურდათ, რაც მათი პროტოკოლით დაუშვებელია. მისივე განმარტებით, გამონაკლისის დაშვება შესაძლებელი იყო, თუმცა ინფორმაცია ხელმძღვანელებმა გვიან მიიღეს.
აქციის მონაწილეები კი ჰყვებიან, რომ სასტუმროს რესტორანმა არა თუ უბრალოდ შესვლაზე, მომსახურებაზეც კი უარი განუცხადა.
“ინფორმაცია, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, დიდწილად მცდარია. საქმე ის არის, რომ თანამშრომლები მოქმედებდნენ პროტოკოლის მიხედვით, რის გამოც ადამიანებს მხოლოდ საპირფარეშოთი სარგებლობისთვის არ მისცეს შენობაში შესვლის უფლება. რა თქმა უნდა, ამ ნაწილშიც შეიძლებოდა გამონაკლისის დაშვება, მაგრამ ჩემამდე და სასტუმროს დირექტორებთანაც ეს ინფორმაცია მივიდა დაგვიანებით.
რაც ეხება ინფორმაციას, რომ ყავის დასალევადაც არ შეუშვეს ადამიანები და არ მიიღეს სტუმრები, მე ეს ინფორმაცია არ მაქვს და ყველას ვთხოვ, თუ მოხდა ასეთი რამ, პირადად დამიკავშირდნენ და გვითხრან, ვინ იყო ის ადამიანი ვინც მასპინძლობაზე უთხრა უარი. არ მესმის, რას ნიშნავს ვინმე არ შეუშვეს? ეს ინფორმაცია თუ დადასტურდა გვექნება შესაბამისი რეაგირება. კატეგორიულად მიუღებელია, რომელიმე სტუმრის არ შეშვება სასტუმროში.არანაირი დისკრედიტაცია არ ხდება. ყველა სტუმრისთვის ღიაა ჩვენი სასტუმრო”,_ თქვა კოკაიამ bm.ge-სთან.
ვრცლად: bm.ge