საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ.
ბანკის ფინანსური მხარდაჭერით „ვაჩნაძიანის ველი“ ღვინისა და საკვების უმსხვილეს გამოფენაზე Stockholm Food and Wine 2019-ზე დასასწრებად გაემგზავრება. ფართომასშტაბიანი გამოფენა 8-10 ნოემბერს ჩატარდება. ყოველწლიურად ღონისძიებას 30-35 ათასამდე სტუმარი სტუმრობს.
„საქართველოს ბანკის მიზანია, მხარი დაუჭიროს მცირე და საშუალო ბიზნესს შემდგომ განვითარებაში და პროდუქციის საზღვრებს გარეთ, საერთაშორისო არენაზე გატანაში. გვინდა ხელი შევუწყოთ მათ სექტორის ძირითად მოთამაშეებთან ახალი კავშირების, პოტენციური პარტნიორების მოძიებაში. შვედეთის ღვინის ფესტივალი არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, ქართულ ღვინოსთან ერთად, საქართველო მთელ მსოფლიოს გავაცნოთ. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ ქვეყნისთვის“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ინფორმაციისთვის, Stockholm Food and Wine 2019-ის ორგანიზატორებისა და შვედი მომხმარებლების მხრიდან ინტერესი ქართული ღვინის მიმართ ბოლო წლებში საგრძნობლად მზარდია, რაზეც ღვინით ვაჭრობის ოფიციალური სტატისტიკაც მეტყველებს. ღვინის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის 9 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში 65,2 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 10%-ით აღემატება. ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე. კერძოდ, ექსპორტი შვედეთში გაზრდილია 397%-ით. მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 19,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 44%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობით ღვინის მწარმოებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, უკეთ გააცნონ საკუთარი პროდუქცია შვედ მომხმარებელს, ადგილობრივ ექსპერტებს, სომელიეებს, ღვინის სფეროში დასაქმებულ სპეციალისტებსა და იმპორტიორებს, რომლებთანაც კავშირების დამყარება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს შვედურ ბაზარზე ქართული პროდუქციის დამკვიდრებაში. (R)