ქვეყანამ გააკეთა განაცხადი და შეკვეთილია მოსახლეობის 20%-ის, 700 ათასი ადამიანის ასაცრელი მასალა. როდესაც ვაქცინა დამტკიცდება შესაბამისი განფასებით, ჩვენ ასაცრელ მასალას მივიღებთ, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„31-ში გავაკეთეთ ოფიციალური განაცხადი ვაქცინების გლობალურ ალიანსში, რომ საქართველო დაინტერესებულია, covid პლატფორმაში მონაწილეობით. შეკვეთილია მოსახლეობის 20%-ის 700 ათასი ადამიანის ასაცრელი მასალა, როდესაც ვაქცინა დამტკიცდება შესაბამისი განფასებით.
გვაქვს კიდევ ორი დედლაინი, 18 სექტემბერს გაფორმდება ხელშეკრულება და 8 ოქტომბრამდე გადაირიცხება პირველი შენატანი,რომლითაც გარანტირებული იქნება, რომ როდესაც ვაქცინა იქნება დამტკიცებული სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანიზაციების და მათ შორის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული, ის იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის. რა თქმა უნდა პირველ რიგში რისკ-ჯგუფებისთვის“, _ აღნიშნა გამყრელიძემ.