დავით ხიდაშელი, რომლის სახელიც დავით-გარეჯთან დაკავშირებით გაისმა, საქართველოს მოქალაქეა და 1993 წლიდან შვეიცარიაში მუშაობს.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, მისი პერსონა საინტერესო მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში ვიზიტისას დავით ზალკალიანის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემული მასალა იმ რუკებსაც მოიცავდა, რომელიც დავით ხიდაშელის მონაწილეობით არის მოძიებული და რომელიც სადავო ტერიტორიის კუთვნილების შესახებ უფრო მეტ სიცხადეს აჩენს.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, დავით ხიდაშელი 30 წელია ტექნოლოგიურ სფეროში საქმიანობს და ევროკავშირის და მსოფლიოს 40 ქვეყანაში მრავალფეროვან ბიზნეს პროექტებს ხელმძღვანელობს, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით. თუმცა კარტოგრაფია მისი პროფესიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. ორგანიზაცია, რომელსაც ამჟამად ხელმძღვანელობს, ასობით ათას რუკას ფლობს და წვდომა აქვს მრავალ კარტოგრაფიულ და ანალიტიკურ მასალაზე.
შესაბამისად, მას ხელი მიუწვდება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის სხვადასხვა კლასიფიკაციის თუ დანიშნულების რუკებზე. ესაა შვეიცარიაში მდებარე პლანეტარული მონიტორინგისა და მიწისძვრის რისკის შემცირების მსოფლიო სააგენტო. ხიდაშელი მისი დირექტორია. გარკვეულ პერიოდში დავით ხიდაშელი სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით პროექტს საქართველოშიც ახორციელებდა და მრავალ ასეულ ადამიანს ასაქმებდა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, დავით ხიდაშელმა პანდემიისას „სტოპკოვ ფონდისთვის“ მილიონ 200 ათასი ლარი გაიღო. ის საქართველოს გარდა არასდროს ყოფილა არც ერთი ქვეყნის მოქალაქე.
7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.
17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
წყარო: იმედინიუსი