სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო და მას სამწლიანი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, სადაც გირგვლიანის საქმის დეტალებზეა საუბარი.
როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, “დავით ახალაიამ დავით ახალაიამ, 2006 წლის თებერვლის მეორე ნახევარში, შეკრიბა გატაცებაში მონაწილე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები და კატეგორიულად მოითხოვა, რომ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, საჭირო იყო რამდენიმე მათგანს თავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა და არ დაესახელებინათ დანაშაულის შემკვეთები და უშუალო მონაწილე სხვა მაღალი თანამდებობის პირები. სანაცვლოდ, თითოეულ მათგანს დაპირდა, რომ ისინი მსუბუქი ბრალდებით გასამართლდებოდნენ და პრეზიდენტის შეწყალებით ხანმოკლე ვადაში გათავისუფლდებოდნენ სასჯელისგან. გარდა ამისა, საპატიმროში ყოფნის პერიოდში, თითოეულს დაპირდა ოჯახური ყოფითი პრობლემების მოგვარებას, სოლიდურ ფულად თანხებს და სხვა შეღავათებს, რაც დაკავშირებული იყო სასჯელის მოხდის პერიოდში პრივილიგირებული პირობების შექმნასთან.
დავით ახალაიას მიერ მიცემული დაპირების გასამყარებლად და მორალური მხარდაჭერის გამოსახატავად, შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი დაკავებისთანავე პირადად შეხვდა ბრალდებულებს, ე.წ. „მოდულის“ შენობაში არსებული წინასწარი დაკავების საკანში, იქეიფა მათთან ერთად საკანში გაშლილ სუფრაზე, თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა მათ და უთხრა, რომ არანაირი პრობლემები არ ექნებოდათ დავით ახალაიას მიერ მათთვის მიცემული დაპირების შესრულებასთან დაკავშირებით, რაც განხორციელდა კიდეც“, _ აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიე გავრცელებულ განცხადებაში.