“ვიცავთ მედიას- ვიცავთ თავისუფლებას!”- ამ ლოზუნგით 19 ივნისს თბილისში აქცია გაიმართება. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება:
“საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძლეზე დაიწყო მორიგი შეტევა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ამ ცვლილებების საფუძველზე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ეძლევა უფლება:
– შეზღუდოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება,
– დააწესოს ცენზურა მედიასაშუალებებზე,
– საჭიროების შემთხვევაში, შეაჩეროს მაუწყებლობის ლიცენზია და ჩაახშოს კრიტიკული ხმა.
უკვე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება სამი მთავარი კრიტიკული ტელევიზიის – „მთავარი არხის“, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ – წინააღმდეგ. არსებობს რეალური რისკი, რომ ამ ტელევიზიებს შეეზღუდოთ მაუწყებლობა და და დაექვემდებარონ პოლიტიკურად მოტივირებულ ცენზურას.
მზია ამაღლობელი, თავისუფალი ჟურნალისტი და სიტყვის თავისუფლების მხარდამჭერი, უკანონოდ დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც საჯაროდ გააკრიტიკა ხელისუფლების პოლიტიკა. ის უკვე არის ამ რეჟიმის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი.
მედიის გაჩუმება და დაცენზურება ნიშნავს, რომ ჩვენ, ფართო საზოგადოება, ვრჩებით საინფორმაციო ვაკუუმში.
ეს „საკანონმდებლო“ ცვლილება არ არის მხოლოდ მედიის თავსატეხი!
ეს ბრძოლა გვეხება ყველას.
ეს არის თითოეული ადამიანის ბრძოლა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, დემოკრატიის და სიმართლის დასაცავად.
დავდგეთ მედიის გვერდით – სანამ გვიან არ არის.
აქციის გეგმა:
13:30 – 14:00 | შეკრება ავლაბრის მეტროსთან
14:00 | მსვლელობა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისკენ
15:00 – 16:00 | გამოსვლები და პროტესტი კომისიის შენობასთან
ვიცავთ ჩვენს ხმას – ვიცავთ თავისუფალ მედიას!
გადავარჩინოთ სიმართლე”,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
































































